„გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მთლიანად ქართულ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული“ - „ჰერბია“

ჰერბია

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიის „ჰერბია“ წარმოებული პროდუქტის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.

როგორც კომპანიის დირექტორი ზურაბ ჯანელიძე  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ადგილზე ბოსტნეულის დიდი სიმცირეა, რის გამოც გადაწყდა, რომ  თითქმის მთელი რესურსი, დაახლოებით 95%  ქართულ ბაზარზე გაიყიდოს. ექსპორტზე კი აქცენტი, წლის მეორე ნახევარში ბულგარეთზე გაკეთდება.

რაც  შეეხება 2023 წლის ტენდენციას, როგორც '„ჰერბიას“ დირექტორი აღნიშნავს, გასულ წელს პროდუქტი ექსპორტზე საერთოდ არ გასულა. თუმცა 2022 წელს მცირე რაოდენობა, 5%-ის ფარგლებში გერმანიაში, ჰოლანდიასა და ბულგარეთში გაიყიდა.

„პანდემიის შემდგომი პერიოდიდან ბოსტნეულზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც „ჰერბიას“ გაყიდვებზეც ადეკვატურად აისახება. წლიდან წლამდე სტაბილური ზრდა გვაქვს და ამ ტემპს წელსაც შევინარჩუნებთ. დროებით ვამბობთ უარს მასშტაბური ექსპორტის განხორციელებაზე, გაყიდვები ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იქნება მიმართული, რადგან მოთხოვნა ზრდადია. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მთლიანად ქართულ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული, შემოდგომის პირს კი მცირე ნაწილს უკვე ევროპის ბაზარზე გავიტანთ, ძირითადად ბულგარეთში, სადაც ჩვენს პროდუქტს კარგად იცნობენ და მაღალი ნდობითაც ვსარგებლობთ. რაც მთავარია,  უწყვეტობის კუთხით აქ არ გვაქვს პრობლემა, სხვა ქვეყნებისგან  განსხვავებით ნაკლებად პრეტენზიული ბაზარია,  მაშინაც, როცა მიწოდებაში შეიძლება წყვეტა გვქონდეს“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.

მიმდინარე წლის გეგმასთან დაკავშირებით ჯანელიძე აცხადებს, რომ დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა იქნება. ხოლო პროდუქციის ჯამური მოცულობა სავარაუდოდ 2000 ტონას გადააჭარბებს, რაც წინა წლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება.

როგორც ცნობილია, კომპანიამ გასულ წელს ბაზარზე ახალი პროდუქტი, დაჭრილი მწვანილები და სალათის ფურცლების მიქსი გამოიტანა, რითაც რამდენიმე ქსელური მარკეტი მარაგდება. ჯანელიძის ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებას წარმოების დაახლოებით 25% უჭირავს.

„დაჭრილი მწვანილის ხაზი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენი დიასახლისების დიდი ნაწილი ცოტა დროს ატარებს სახლში, უმეტესობა დასაქმებულია, ამიტომ  დროის დაზოგვის თვალსაზრისით გამზადებული პროდუქტის შეძენა მნიშვნელოვანია, ამიტომ მოთხოვნაც მატულობს, რასაც ჩვენი წარმოებაც ადეკვატურად პასუხობს. არ გამოვრიცხავ, მომავალში ამ მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ მუშაობა“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.

ცნობისთვის, „ჰერბია“ მაღალტექნოლოგიური საწარმო წყალტუბოში მდებარეობს. კომპანია  30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.