1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა

მსოფლიო 1775106360
NASA

ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება.

NASA-მ მისია Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარისკენ გაგზავნა, რაც ნიშნავს, რომ დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე ადამიანის დასაბრუნებლად პირველ ნაბიჯი გადადგმულია.

რაკეტა Space Launch System ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრის გამშვები პლატფორმიდან 39B აფრინდა. აპარატი ჰაერში თბილისის დროით 2 აპრილის 02:34-ზე აიჭრა და Orion-ის კაფსული ორბიტის მიმართულებით გაიტანა.

ამ ხომალდში ოთხი ასტრონავტი იმყოფება: რიდ ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი, ქრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი. ისინი 1972 წლის შემდეგ პირველები იქნებიან, რომლებიც მთვარეს მიუახლოვდებიან და შეიძლება იმაზე შორსაც წავიდნენ, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ყოფილა.

Artemis 2-ის ეკიპაჟი.

ფოტო: NASA

უნდა აღინიშნოს, რომ 20% იყო შანსი ისეთი ღრუბლიანობის, რომელიც მისიის განხორციელებას შეუშლიდა ხელს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფრენის ფანჯარა 02:24-იდან მხოლოდ 2 საათის განმავლობაშია აქტიური, ამიტომ რაკეტის ასაფრენად დიდი დრო არ იყო. საბედნიეროდ, NASA-ს ამინდმა ხელი შეუწყო და ისტორიული გაშვება შედგა — მოხდა ის, რასაც კოსმოსის ენთუზიასტები დიდხანს ველოდით.

ცნობისთვის, Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის ზედაპირზე არ დაეშვება, არამედ მას გარშემო შემოუვლის. ადამიანი მთვარეზე ფეხს მისია Artemis 4-ის დროს დადგამს (ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად), რომელიც 2028 წლისთვისაა ჩანიშნული. ახლანდელი ფრენა სწორედ ამისთვის მომზადებას ემსახურება.

რა იქნება შემდეგ

მისია Artemis 2 ათი დღე გაგრძელდება; რაკეტის აფრენის შემდეგ დაახლოებით რვა წუთში მას მეორე, ცენტრალური საფეხური და Orion უნდა გამოეყოს, პირველი საფეხური კი ატლანტის ოკეანეში დაეშვება (ჩაიძირება).

მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში აპარატი დედამიწის გარშემო თავის სამიზნე ორბიტამდე მიაღწევს. ეს ტრაექტორია სპეციალურადაა ისე შერჩეული, რომ რაიმეს არასწორად წარმართვის შემთხვევაში ასტრონავტები უკან მარტივად დაბრუნდნენ. თუ ასე არ მოხდა (და, იმედია, არ მოხდება), ეკიპაჟი იქ მომდევნო დღემდე დაყოვნდება.

პირველ და მეორე დღეს ასტრონავტები სხვადასხვა კომპონენტის შემოწმებაში გაატარებენ, მათ შორის ისინი ხელით მართვის სისტემასა და კომუნიკაციებს გამოცდიან. როგორც კი ყველაფრის გამართულად ფუნქციონირება დადასტურება, რაკეტის მეორე საფეხური ძრავებს კიდევ ერთხელ აამუშავებს და Orion-ს მთვარის მიმართულებით გაგზავნის, თავად კი მას ჩამოცილება.

მესამიდან მეხუთე დღემდე პერიოდი მთვარემდე მისაღწევადაა გამოყოფილი, რადგან 362 000 კილომეტრი მანძილია დასაფარი. შედარებისთვის, დედამიწის ორბიტაზე მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგური მხოლოდ 402 კილომეტრ დისტანციაზეა. ამ დროის განმავლობაშიც ეკიპაჟი სხვადასხვა ტესტირებას ჩაატარებს და ტექნოლოგიებს გამოცდის.

მეექვსე დღეს Orion უკვე დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე იქნება და მას ერთხელ შემოუვლის. ასე მოხვდება იგი მთვარის შორეულ მხარეს, რა დროსაც მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში პლანეტასთან კავშირი გაწყდება. ეს იმიტომ, რომ აღნიშნული ნახევარსფერო დედამიწასთან მუდმივად "ზურგშექცევითაა", ანუ, პირდაპირი მნიშვნელობით, შორსაა.

მომდევნოდან მეცხრე დღემდე Orion დედამიწისა და მთვარის გრავიტაციის გამოყენებით შინ დასაბრუნებელ ტრაექტორიაზე გადაინაცვლებს. მეათე დღეს იგი უკვე პლანეტაზე დაბრუნდება — ატმოსფეროში მაღალი სიჩქარით შემოვა (ამისთვის ის გაუმჯობესებული თბოდამცავითაა აღჭურვილი) და ეკიპაჟი წყნარ ოკეანეში პარაშუტების მეშვეობით დაეშვება. მათ იქიდან აშშ-ის საზღვაო ძალების წარმომადგენლები გამოიყვანენ.

წყარო: ON.GE