Apple-მა ბიუჯეტური iPhone 17e წარადგინა - როგორი იქნება ფასი და როდის დაიწყება გაყიდვა

მსოფლიო 1772605214
iPhone 17e

Apple-მა ორშაბათს ბიუჯეტური iPhone 17e და iPad Air-ის ორი ახალი მოდელი წარადგინა, - ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

აღსანიშნავია, რომ iPhone 17e-ის მეხსიერება 256 GB იქნება. როგორც გამოცემა წერს, ამ ნაბიჯით Apple ცდილობს ბაზრის წილის გაზრდას და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

რაც შეეხება ფასს, iPhone 17e-ის საწყისი ღირებულება 599 დოლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ iPhone 16e-ის საწყისი ფასიც 599 დოლარი იყო, თუმცა ამ მოდელის მეხსიერება 128 GB-ს შეადგენდა.

ანალიტიკოსთა ნაწილი იმავე საწყის ფასად უფრო დიდი მეხსიერების შეთავაზებას ფაქტობრივ ფასდაკლებად მიიჩნევს, რადგან ადრე მომხმარებლებს მაღალი ტევადობის ვერსიის შესაძენად დამატებითი თანხის გადახდა უწევდათ.

ინფორმაციისთვის, 70-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონში მომხმარებლებს iPhone 17e-ის წინასწარი შეკვეთა 4 მარტს, წყნარი ოკეანის დროით 6:15 საათიდან შეეძლებათ, ხოლო მოწყობილობის გაყიდვა 11 მარტიდან დაიწყება.