1776494460
აშშ-ის ერთ-ერთ ქალაქში საცხოვრებლად გადასვლისთვის მსურველებს 15 000 დოლარს გადაუხდიან
მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტის ხელისუფლება, რომელიც ოდესღაც ამერიკის სიამაყედ ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დანაშაულებრივ კრიმინალურ ქალაქად იქცა, მასშტაბური პროექტით ახალი მცხოვრებლებისა და ინვესტიციების მიზიდვას ცდილობს - ამის შესახებ DailyMail წერს.
კერძოდ, ახალი პროგრამა 15 000 დოლარამდე გრანტს სთავაზობს შერჩეულ მცხოვრებლებს, რომლებიც მზად არიან, დეტროიტში საცხოვრებლად გადავიდნენ ან იქ ინვესტიცია ჩადონ. ინიციატივაზე, სახელწოდებით, „გახადე დეტროიტი შენი სახლი,“ მთლიანობაში 500 000 დოლარზე მეტი დაიხარჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეზღუდული რაოდენობის ადგილებისთვის კონკურენცია მეტად მაღალი იქნება.
სავარაუდოდ, დაახლოებით, 300 ადამიანი შეირჩევა, ხოლო პრიორიტეტი მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს მიენიჭება.
ახალი მცხოვრებლებისთვის ფულადი დახმარების ოდენობა განაცხადის ტიპზე არის დამოკიდებული. დეტროიტში გადასასვლელად შერჩეული დისტანციურად მომუშავე პირები გადაადგილების ხარჯის კომპენსაციისთვის დამატებით 1000 დოლარს მიიღებენ, ხოლო ქალაქში უკვე მცხოვრებ შერჩეულ აპლიკანტებს 15 000 დოლარს შესთავაზებენ. თანხა „ბიზნესის/პროექტის ინვესტიციისთვის, სახლის წინასწარი შენატანისთვის, სახლის გარემონტებაზე ან სხვა საბინაო სუბსიდიებისთვის“ უნდა დაიხარჯოს. იგივე შეთავაზება იმ ყოფილ დეტროიტელებზეც ვრცელდება, რომლებიც უკან ბრუნდებიან.
„ჩვენ შევინარჩუნებთ მათ, ვინც უკვე აქ არიან და დავაბრუნებთ მათ, ვინც წავიდა. ასევე, ჩვენ მივიზიდავთ მშენებლების, შემქმნელებისა და მეწარმეების მომავალ თაობას მთელი მსოფლიოდან“, - აცხადებს კოალიცია MoveDetroit-ის თავმჯდომარე, დენ გილბერტი.
ადრე დეტროიტი ცნობილი იყო, როგორც შეერთებული შტატების „საავტომობილო დედაქალაქი.“ ის დიდი ხნის განმავლობაში ავტოწარმოებისა და სამრეწველო ინვესტიციების ცენტრი იყო. თუმცა 2000-იან წლებში მსხვილი ავტომწარმოებლების კოლაფსმა, იპოთეკურ კრიზისთან ერთად, მილიონობით ადამიანი აიძულა, სახლები დაეტოვებინა. ორ ათწლეულზე ნაკლები ხნის წინ ქალაქში ყოველი მეხუთე სახლი ცარიელი იყო და უკაცრიელ ქუჩებზე ჩამორთმეული ქონება 1 დოლარად იყიდებოდა.
დეტროიტის პოლიციის დეპარტამენტის მონაცემებით, ამჟამად მკვლელობების, არასასიკვდილო სროლებისა და ავტომობილების ქურდობის მაჩვენებელი, 2024 წელთან შედარებით, 15-30%-ით დაბალია.
ამასთან, დეტროიტის ელიტური უძრავი ქონების ბაზარზე სახლები გაცილებით იაფია, ვიდრე უმეტეს მსხვილ მეგაპოლისში. ამ რაიონში ყველაზე ძვირად ღირებული სახლები, დაახლოებით, 720 000 დოლარად იყიდება, მაშინ, როცა ქვეყნის მასშტაბით მათი ფასი, საშუალოდ, 1.24 მლნ დოლარს შეადგენს.



