აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციები დროებით მოხსნა

მსოფლიო 1773382593
რუსული ნავთობი

აშშ-მა ქვეყნებს უფლება მისცა, შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაში გემებზეა დატვირთული.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს არის დროებითი ზომა, რომელიც ომის დროს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ქვეყნებს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენის უფლება 11 აპრილამდე ექნებათ.

„ეს ვიწროდ სპეციალიზებული, მოკლევადიანი ღონისძიება მხოლოდ უკვე ტრანზიტში მყოფ ნავთობზე ვრცელდება და რუსეთის მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.

მანამდე ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტს დაიწყებს „როგორც კი ეს სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი გახდება“.

„სამხედრო ესკორტის შესაძლო საჭიროება ყოველთვის იყო ჩვენი დაგეგმვის ნაწილი“, - განუცხადა მან Sky News-ს.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს უახლოეს დღეებში დაიწყოს, ბესენტმა უპასუხა:

„როგორც კი შესაძლებელი გახდება უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფა, ჩვენ ამას გავაკეთებთ“.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სპეციალურად ინდოეთისთვის 30-დღიანი შეღავათი გასცა, რაც ქვეყანას ზღვაში ჩარჩენილი რუსული ნავთობის შეძენის საშუალებას აძლევს.

ნავთობის ფასმა ბარელზე ხუთშაბათს კვლავ 100 დოლარს გადააჭარბა. ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს საკვანძო საზღვაო მარშრუტის - ჰორმუზის სრუტის - ბლოკირებას, რომლის გავლითაც, ჩვეულებრივ, მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის.