1782797972
Cancel For Any Reasons - აშშ-ში მოგზაურობამდე წყვილების დაშორების დაზღვევა შეიქმნა
ამერიკელმა ქალმა მეწარმემ სადაზღვევო შეთავაზება იმ წყვილებისთვის შექმნა, რომლებიც ერთად მოგზაურობაში დარწმუნებული არ არიან და რისი მიზეზიც შესაძლოა, შვებულების წინ მოულოდნელი კამათი ან, უბრალოდ, ურთიერთობის სტაბილურობის შესახებ გაურკვევლობა აღმოჩნდეს.
კერძოდ, ენი სლოუნი კლიენტებს „ნებისმიერი მიზეზით მოგზაურობის გაუქმების“ დაზღვევას, ანუ CFAR-ს (Cancel For Any Reasons) სთავაზობს. CFAR მოგზაურობის გაუქმების საშუალებას იძლევა, თუ ტურისტმა გამგზავრება გადაიფიქრა ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები წარმოიქმნება და არ იფარება ტრადიციული სადაზღვევო პოლისებით, როგორიც არის ავადმყოფობა ან სტიქიური უბედურება.
დაზღვევა საცხოვრებლის ხარჯს ფარავს, რომელიც ოჯახური საგანგებო სიტუაციებით ან პარტნიორისგან კლიენტის დაშორებით შეიძლება, წარმოიქმნას, ვისთან ერთადაც უნდა გამგზავრებულიყო. ასეთი პოლისები, როგორც წესი, დაუბრუნებელი ხარჯის 75%-მდე ანაზღაურებს.
სამაგალითოდ ენი სლოუნს ერთ-ერთი კლიენტის შემთხვევა მოჰყავს, რომელიც შეყვარებულთან ერთად მოგზაურობას გეგმავდა. თუმცა ტურის დაწყებამდე წყვილი ერთმანეთთან ცხარედ შეკამათდა და ქალი პანიკაში ჩავარდა, რომ მოგზაურობის გაუქმებით დიდ ფულს დაკარგავდა. ამის შემდეგ მან შვებულების დაგეგმვისას გადაწყვიტა, მოგზაურობის დაზღვევა აეღო, რაშიც 100 დოლარზე ოდნავ მეტი გადაიხადა, რომ პარტნიორთან ურთიერთობის დასრულებისა და მოგზაურობის გაუქმების შემთხვევაში 1000 დოლარამდე კომპენსაცია მიეღო. ასეთი სადაზღვევო სერვისით ის თავის ფინანსებზე უკვე ნაკლებად ნერვიულობდა.
დაზღვევით სარგებლობა მხოლოდ წყვილებს არ შეუძლიათ და ენი სლოუნს კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს, რომელიც მეგობრების ჯგუფს ეხება. კერძოდ, ისინი ქორწილში მიფრინავდნენ. თუმცა საქმრო დაეჭვდა, საერთოდ, უნდა დაქორწინებულიყო თუ არა, ამიტომ მეგობრებმა გადაწყვიტეს, დაზღვეულიყვნენ: თუ ქორწილი გაუქმდებოდა, მათ საცხოვრებლისა და გზის ხარჯი ნაწილობრივ აუნაზღაურდებოდათ.
თუმცა სახელდება ამ უჩვეულო სერვისის უარყოფითი მხარეც. კერძოდ, ასეთი დაზღვევის შეძენით კლიენტი არსებითად აღიარებს, რომ „არსებობს შანსი, მოგზაურობის დროისთვის პარტნიორთან ერთად აღარ იყოს,“ ასეთი ქმედება კი ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა, ცინიკურად და ნდობის ნაკლებობად მოეჩვენოს.
„დაშორების დაზღვევის“ შეძენა პლატფორმა Host Co-ზე არის შესაძლებელი, რომელიც ბინებისა და სახლების მოკლევადიან დაჯავშნის სერვისს მართავს, ხოლო დაზღვევას კომპანია, Faye Travel Insurance ფარავს.



