1770034615
მასკი SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანებას განიხილავს
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი მისი კერძო კომპანიების, SpaceX-ისადა xAI-ს გაერთიანებას განიხილავს. როგორც წყარო Reuters-ს უყვება, ინიციატივის მიზანი საფონდო ბირჟაზე დაანონსებული დალისტვისთვის პოზიციების გაცილებით მყარად წარმოჩენა და მეტი ინვესტორის დაინტერესებაა.
თუ $800-მილიარდიანი კოსმოსური კომპანია და $230 მილიარდად შეფასებული AI სტარტაპი გაერთიანდებიან, ეს მათ ერთი სტრუქტურის ქვეშ მოაქცევს. განმარტებისთვის, ე.წ. მერჯერის შემთხვევაში, საერთო სახელის ქვეშ გაერთიანდება თავად SpaceX-ი, ასევე სატელიტური ინტერნეტის მიწოდების ლიდერი Starlink-ი, სოციალური მედიის წამყვანი პლატფორმა X-ი, ასევე ხელოვნური ინტელექტის კომპანია Grok-ი. აღსანიშნავია, რომ თავად მასკის წარმომადგენლები Reuters-ის კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავს იკავებენ, თუმცა წყაროს ინფორმაციით, მილიარდერი ახლა გაერთიანების იდეას საკმაოდ აქტიურად განიხილავს და SpaceX-ის პირდაპირ Tesla-სთან მიერთებასაც არ გამორიცხავს, რაც კოსმოსური კომპანიის საფონდო ბირჟაზე გამოსვლის აქამდე არსებულ ყველა მოლოდინს თავდაყირა დააყენებს. თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, გაცილებით მაღალია ალბათობა, რომ მასკმა SpaceX-ი საფონდო ბირჟაზე დამოუკიდებლად გაიყვანოს და IPO-მდე მას xAI და ზემოთ დასახელებული სხვა კომპანიები მიუერთოს.
კიდევ ერთი არგუმენტი, რატომაც მიიჩნევა SpaceX-ის xAI-სთან გაერთიანება გაცილებით რეალისტურად არის მასკის ამბიციური განცხადება კოსმოსში მონაცემთა ცენტრების აგების შესახებ. მილიარდერი მიიჩნევს, რომ მზის ენერგიაზე მომუშავე AI დატა ცენტრების აგება მნიშვნელოვნად შეამცირებს გამოთვლით ხარჯებს, რასაც ელექტროენერგია მუდმივად ესაჭიროება. დედამიწაზე მომუშავე კომპანიებს კი ამ სერვისის განხორციელებისთვის კოლოსალური მოცულობის თანხას იხდიან და ჩნდება რისკიც, რომ გარკვეულ ეტაპზე ელექტროენერგიის არსებული ინფრასტრუქტურა მსგავს ზეწოლას ვეღარ გაუძლებს და თავის ლიმიტს მიაღწევს. ამ საფრთხისაგან თავის არიდების გზად მასკს სწორედ SpaceX-ისა და xAI-ს გაერთიანება ესახება, რადგან ის საკუთარივე რაკეტებით, საკუთარი მონაცემთა ცენტრების ორბიტაზე გატანას გაცილებით მარტივად შეძლებს.



