1778057220
მილიონერობიდან სიღარიბემდე: ვინ არიან სპორტის ვარსკვლავები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს
იმ ათლეტებისთვის, რომლებიც თავიანთი შესაძლებლობების პიკზე არიან, სპორტული ინდუსტრია მომგებიანი ბიზნესია. ვარსკვლავებს შეუძლიათ დააგროვონ სიმდიდრე თავიანთი მიღწევებით, სარეკლამო გარიგებებით და სხვა შეთავაზებებით.
თუმცა, ზოგიერთი უიღბლო სპორტსმენისთვის, სპორტის მიღმა მიღებულმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა მათი ფინანსური ბედი განსაზღვრა და გაკოტრდნენ კიდეც.
წარმოგიდგენთ სპორტის ვარსკვლავებს, რომლებმაც თავიანთი წარმატების პიკზე მილიონობით დოლარი გამოიმუშავეს, თუმცა წლების შემდეგ გაკოტრდნენ და უფრო მეტიც, სიღარიბეს ებრძოდნენ.
ლეონ სპინქსი
გარდაცვლილი კრივის ჩემპიონი ლეონ სპინქსი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგან, ვინც 1978 წლის თებერვალს რინგზე დიდებული მუჰამედ ალი დაამარცხა. სპინქსმა მოიპოვა მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და მილიონები ბანკში. თუმცა, იმედისმომცემი ახალგაზრდა მოკრივის დიდება ხანმოკლე აღმოჩნდა და ის ვალებსა და ნარკოდამოკიდებულებაში ჩაიძირა.
სპინქსი 1986 წელს გაკოტრდა. ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი მოგვიანებით დამლაგებლად მუშაობდა YMCA-ში და ასევე მუშაობდა ადგილობრივ McDonald’s-ში. ის 2021 წელს პროსტატის კიბოთი გარდაიცვალა.
როლანდ „როლი“ ფინგერსი
ბეისნ~ბოლის ვარსკვლავს, როლანდ ფინგერსს, 1985 წელს 1.1 მილიონი დოლარი ჰქონდა დაგროვილი.
თუმცა სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. როგორც აღმოჩნდა, მას კრედიტორები 4 მილიონ დოლარზე მეტს სთხოვდნენ.
მისი წარუმატებლობის მიზეზი იყო არაერთი არასწორი ინვესტიცია, მათ შორის, ფსტის ფერმები, ქარის ტურბინები და არაბული ცხენების ფარაც კი. ფინგერსმა ვალები მუშაობითა და ბეისბოლის ბარათების გაყიდვით დაფარა.
ჯონი იუნიტასი
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე, ჯონი „ოქროს მკლავი“ იუნიტასი, Baltimore Colts-ს სუპერ ბოულის დიდებამდე უძღოდა. მიუხედავად მოედანზე ბრწყინვალებისა, იუნიტასი ფინანსებში ნაკლებად წარმატებული იყო.
1974 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ, მან ვერ შეძლო თავისი უნარების ბიზნესად ქცევა. მან ფინანსური კრახი განიცადა წარუმატებელი წამოწყებების შემდეგ, რაც მოიცავდა ბოულინგის ცენტრების ქსელსა და ბეჭდური სქემების კომპანიას. ბოლოს მას 3.2 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი ჰქონდა და 1991 წელს თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. ის 2002 წელს გარდაიცვალა.
მაიკ ტაისონი
ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა, ბრძოლებითა და სარეკლამო გარიგებებით დაახლოებით 430 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ტაისონი ცნობილი იყო ფულის არასწორი მართვით. მან თავისი ქონების დიდი ნაწილი ექსტრავაგანტურ და უცნაურ ნივთებში დახარჯა, მაგალითად: 24−კარატიანი ოქროს აბაზანაში (2.2 მილიონი) და თეთრ ბენგალურ ვეფხვებში (70,000 თითო). მისმა ცხოვრების სტილმა, ნარკოდამოკიდებულებამ და ციხეში გატარებულმა დრომ ის 2003 წელს გაკოტრებამდე მიიყვანა 23 მილიონ დოლარიანი ვალით. დღეს მისი ქონება 30 მილიონადაა შეფასებული.
დიეგო მარადონა
მაშინაც კი, თუ სპორტის ფანი არ ხართ, ალბათ, გსმენიათ დიეგო მარადონას შესახებ.
ფეხბურთის ლეგენდამ მილიონობით ქონება დააგროვა, მაგრამ მას არ უყვარდა გადასახადების გადახდა. 2009 წელს გაირკვა, რომ მას 54 მილიონი დოლარი მართებდა იტალიის საგადასახადო უწყებებისთვის, რის გამოც გაკოტრება გამოაცხადა.
2020 წელს გარდაცვალებისას მას ბანკში მხოლოდ 99 000 დოლარი ჰქონდა დარჩენილი.
წყარო: lovemoney.com



