პუტინის ქალიშვილმა მტრედებისგან ბიოდრონები შექმნა

მსოფლიო 1770985116
ბიოდრონები

რუსულ სტარტაპ Neiry Group-მა, რომელიც ნეიროინტერფეისის ტექნოლოგიებს ავითარებს, დისტანციურად მართვადი და ტვინში დაჩიპული ბიოდრონი მტრედების შექმნა დააანონსა. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზში წერია, რასაც T-invariant ავრცელებს.

დაჩიპულ ბიოდრონი მტრედების პროექტს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტი ავითარებს, რომელსაც პუტინის ქალიშვილი, კატერინა ტიხონოვა ხელმძღვანელობს, ხოლო Neiry-ის პროექტების თანაინვესტორი მილიარდერ ვლადიმერ პოტანინის ფონდი “ვოსხოდია.”

კომპანიის ცნობით, ელექტროდებით იმპლანტირებულ ფრინველებს ფრენის მისიების შესრულება შეუძლიათ და მათ უკვე გაიარეს ტესტირება.

ბიოდრონი მტრედი გარეგნულად ჩვეულებრივი ფრინველისგან განსხვავდება: მისი თავიდან ნეიროინტერფეისის კაბელი ამოდის, ხოლო ზურგზე მიმაგრებული აქვს ზურგჩანთა, რომელშიც ელექტრონიკა, მზის პანელები და ვიდეოკამერა არის მოთავსებული. ტვინში ელექტროდებია ჩანერგილი, რაც ფრინველში წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით ფრენის სურვილს ასტიმულირებს.

Neiry-ის ცნობით, ტესტირება 2025 წლის 25 ნოემბერს დაიწყო და დღემდე ათობით ბიოდრონი იქნა წარმოებული. კომპანია ირწმუნება, რომ მის განვითარებას მხოლოდ სამშვიდობო მისია აქვს, როგორიც არის სამრეწველო ობიექტების მონიტორინგი და საძიებო-სამაშველო ოპერაციები.

პუტინის ქალიშვილის ინსტიტუტი პროექტის ტექნოლოგიურ ბაზას უზრუნველყოფს, ხოლო დაფინანსება პუტინის დავალებით შექმნილი ეროვნული ტექნოლოგიური ინიციატივის ფონდიდან ხდება. ფონდმა Neiry-ში, დაახლოებით, 360 მლნ რუბლი (4.7 მლნ დოლარამდე) ჩადო და ჯგუფის ერთ-ერთი იურიდიული პირის თანადამფუძნებელი გახდა. დამატებით 300 მლნ რუბლი (3.9 მლნ დოლარამდე) პოტანინის ფონდ “ვოსხოდიდან” გამოიყო. Forbes-ის მონაცემებით, სტარტაპში განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა 1 მლრდ რუბლს, ანუ, თითქმის, 13 მლნ დოლარს მიაღწია, ხოლო Neiry-სთან დაკავშირებული ყველა კომპანიის შემოსავალმა 2024 წლისთვის 481 მლნ რუბლი (6.2 მლნ დოლარზე მეტი) შეადგინა. მათი მოგება უცნობია.

Bloomberg ამ ექსპერიმენტის ეთიკურ შედეგებს „ამაზრზენს“ უწოდებს, ხოლო დიუკის უნივერსიტეტის ბიოეთიკი მეცნიერები აცხადებენ, რომ ცოცხალი არსებები სამრეწველო საქონლად არ უნდა იქცნენ. ამის საპასუხოდ Neiry-მა მტრედებით მანიპულირება ცხენზე ჯირითსა და ძროხების წველას შეადარა.

ცნობისთვის: Neiry Group-ის დამფუძნებელი, ალექსანდრე პანოვია, რომელიც რეკლამის განმთავსებელი და მეწარმეა, მანამდე კი მარკეტინგულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა. თავის ბლოგზე ის უკრაინაში მიმდინარე ომის სტილს „მეტად ნაზს“ უწოდებს, ხოლო „ნეიროტექნოლოგიით მსოფლიოს დაპყრობას“ ისახავს მიზნად.