1783176635
რეკორდული ფეიერვერკი და გაუმჭვირვალე ბიუჯეტი - რა ეკონომიკური ფასი აქვს ტრამპის 4 ივლისის შოუს
აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფეიერვერკების შოუ მხოლოდ სანახაობრივი ღონისძიება არ არის. ეს არის მაგალითი, როგორ გადაიქცა ეროვნული დღესასწაული ერთდროულად პოლიტიკურ სიმბოლოდ, ტურისტულ პროდუქტად, სახელმწიფო ხარჯების გამჭვირვალობის ტესტად და პიროტექნიკის ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კომერციულ პროექტად.
თეთრი სახლი 4 ივლისისადმი მიძღვნილ ფეიერვერკების შოუზე მსოფლიო რეკორდის მოხსნას გეგმავდა, თუმცა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა სრული ინფორმაცია, რა ჯდება ღონისძიება და ვინ ფარავს ხარჯებს. გამოცემა ეყრდნობა NOTUS-ს, რომლის ცნობითაც, პიროტექნიკის ინდუსტრიის წარმომადგენლები შოუს ღირებულებას მილიონობით დოლარად აფასებენ.
ღონისძიების ოფიციალური გვერდის მიხედვით, „Freedom 250“-ის ფეიერვერკების შოუ ვაშინგტონში, National Mall-ის ტერიტორიაზე, დაახლოებით 40 წუთს უნდა გაგრძელებულიყო. ორგანიზატორების ცნობით, დაგეგმილი იყო 850 000 ფეიერვერკის გაშვება 10 ლოკაციიდან, მათ შორის ლინკოლნის მემორიალის აუზიდან, მდინარე პოტომაკზე განთავსებული 8 ბარჟიდან და West Potomac Park-იდან. ღონისძიება წარმოდგენილი იყო, როგორც „ისტორიაში ყველაზე დიდი ფეიერვერკების შოუ“.
ციფრების სიზუსტე აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. NOTUS-ის ცნპბით, საუბარია 860 000-ზე მეტ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე, თუმცა „Freedom 250“-ის ოფიციალურ გვერდზე და Spectrum News-ის მასალაში მითითებულია 850 000 ფეიერვერკი. შედარებისთვის, გინესის მოქმედი რეკორდი 2016 წელს ფილიპინებში გამართულ შოუს ეკუთვნის, სადაც 810 904 ფეიერვერკი გამოიყენეს. შესაბამისად, ვაშინგტონის შოუ ამ ნიშნულს დაახლოებით 39 000 ფეიერვერკით, ანუ დაახლოებით 4.8%-ით აჭარბებს.

ბიუჯეტის ყველაზე პრობლემური ნაწილი ისაა, რომ ღონისძიების სრული ღირებულება საჯაროდ დადასტურებული არ არის. NOTUS-ის ინფორმაციით, საჯაროდ ხელმისაწვდომ ფედერალურ ჩანაწერებში ჩანს მხოლოდ ერთი კონკრეტული ვალდებულება, შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა 2025 წლის დეკემბერში დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარი გამოყო კომპანია Garden State Fireworks-ისთვის. ამავე წყაროს მიხედვით, ეს კომპანია ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვაშინგტონში 4 ივლისის ფეიერვერკებს ატარებდა და ჩვეულებრივ 250 000-დან 300 000 დოლარამდე კონტრაქტს იღებდა.
ეს ნიშნავს, რომ უკვე დადასტურებული 1.5 მილიონი დოლარიც კი ჩვეულებრივ წლიურ კონტრაქტთან შედარებით დაახლოებით 5-6-ჯერ მაღალია. თუმცა სპეციალისტების შეფასებით, ეს თანხა, სავარაუდოდ, არ ასახავს მთელ პროექტს. Spectrum News-თან საუბარში Pyrotecnico-ს პრეზიდენტმა როკო ვიტალემ დაადასტურა, რომ შოუს ორგანიზებაში ჩართული იყო 75-კაციანი გუნდი, რომელიც ღონისძიებაზე 6 თვის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა მან შოუს ღირებულება არ გაამჟღავნა. ამავე მასალაში Red Rhino Fireworks-ის პრეზიდენტმა და National Fireworks Association-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სტივ ჰაუზერმა შოუს მხოლოდ პიროტექნიკური ნაწილის ღირებულება მინიმუმ 6-7 მილიონ დოლარად შეაფასა.

თუ ეს შეფასება სწორია, მაშინ მხოლოდ პიროტექნიკის ღირებულება ერთ ფეიერვერკზე საშუალოდ დაახლოებით 7.1-დან 8.2 დოლარამდე გამოდის. ეს არ მოიცავს უსაფრთხოებას, ლოგისტიკას, ტრანსპორტირებას, ბარჟების გამოყენებას, ტექნიკურ მონტაჟს, სცენას, სამედიცინო და საგანგებო მომსახურებას, მაყურებელთა მართვას, სატელევიზიო წარმოებას და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს. შესაბამისად, 6-7 მილიონი დოლარი უფრო მინიმალური ოპერაციული შეფასებაა, ვიდრე სრული საბიუჯეტო სურათი.
ფინანსური გაუმჭვირვალობა უფრო ფართო კონტექსტშიც მნიშვნელოვანია. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა საჯარო და კერძო პარტნიორობა, „Freedom 250“, რომელიც ფედერალურ უწყებებს, კერძო სექტორს, არაკომერციულ და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს აერთიანებს. ასეთი მოდელი შეიძლება ეფექტური იყოს მსხვილი ეროვნული ღონისძიებების დასაფინანსებლად, მაგრამ ამავე დროს აჩენს კითხვას, სად მთავრდება სახელმწიფო ხარჯი და სად იწყება კერძო დაფინანსება.

Reuters-ის ინფორმაციით, „Freedom 250“-ის სხვა ინიციატივებმაც გააჩინა გამჭვირვალობის საკითხი. მაგალითად, ე.წ. „Freedom Trucks“-ის პროექტისთვის 14 მილიონი დოლარი ფედერალური გრანტით გამოიყო, ამას დაემატა 10 მილიონი დოლარი „Freedom 250“-ისგან. დემოკრატმა კანონმდებლებმა დასვეს კითხვა, ხომ არ ირევა სახელმწიფო სახსრები კერძო დონაციებთან და რამდენად ანგარიშვალდებულია ორგანიზაცია, რომელიც ოფიციალური სახელმწიფო იუბილეს ერთ-ერთ მთავარ განმახორციელებლად იქცა.
ამ ფონზე ფეიერვერკების შოუს ეკონომიკური ეფექტი ორმაგად უნდა შეფასდეს. ერთი მხრივ, ასეთი მასშტაბის ღონისძიება ქმნის პირდაპირ მოთხოვნას პიროტექნიკაზე, ტექნიკურ მომსახურებაზე, ტრანსპორტზე, უსაფრთხოებაზე, მედია წარმოებაზე და ტურისტულ სერვისებზე. მეორე მხრივ, როცა სრული ხარჯი საჯარო არ არის, რთულია ზუსტად დათვლა, რამდენად პროპორციულია სახელმწიფო და კერძო დანახარჯი მიღებულ ეკონომიკურ ეფექტთან.
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ისედაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამომხმარებლო პერიოდია. WalletHub-ის 2026 წლის მონაცემებით, ამერიკელები 4 ივლისისთვის საკვებზე 9.4 მილიარდ დოლარს ხარჯავენ, ლუდსა და ღვინოზე 4 მილიარდ დოლარზე მეტს, 2025 წელს ფეიერვერკებზე დახარჯულმა თანხამ კი 2.95 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამავე წყაროს მიხედვით, 72.2 მილიონი ადამიანი დღესასწაულის პერიოდში სახლიდან მინიმუმ 50 მილის მანძილზე მოგზაურობს.

Reuters-იც წერს, რომ 2026 წელს 4 ივლისის მოგზაურობის მაჩვენებელი რეკორდულ დონეს უახლოვდებოდა. AAA-ის პროგნოზით, 27 ივნისიდან 5 ივლისამდე პერიოდში 72.2 მილიონი ამერიკელი მინიმუმ 50 მილის მანძილზე იმოგზაურებდა, მაშინ როცა წინა წელს ეს მაჩვენებელი 71.8 მილიონი იყო. განსაკუთრებით საინტერესოა ვაშინგტონის ეფექტი: Reuters-ის ცნობით, HotelPlanner-ის მონაცემებით, ვაშინგტონში სასტუმროების ჯავშნები წინა წელთან შედარებით ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო საშუალო ფასი 35%-ით იყო მომატებული.
ეს აჩვენებს, რომ ფეიერვერკის ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ იმ თანხით არ იზომება, რაც პიროტექნიკაში იხარჯება. რეალური ეკონომიკური შედეგი ნაწილდება სასტუმროებზე, რესტორნებზე, ტრანსპორტზე, საცალო ვაჭრობაზე, ტურისტულ სერვისებზე და მედიაპროდუქტებზე. განსაკუთრებით ვაშინგტონისთვის, სადაც 250 წლის იუბილე ეროვნული სიმბოლოს დატვირთვას ატარებს, ასეთი ღონისძიება ქალაქისთვის ტურისტული მოთხოვნის მკვეთრი ზრდის ინსტრუმენტია.
თუმცა, ამ სარგებელს თავისი ფასიც აქვს. ფეიერვერკების ინდუსტრია აშშ-ში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩინეთიდან იმპორტზე. Spectrum News-ის მიხედვით, სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტრამპის მიერ ჩინურ იმპორტზე დაწესებულმა ტარიფებმა ფეიერვერკების ღირებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზარდა და, სავარაუდოდ, ვაშინგტონის შოუს საბოლოო ფასზეც იქონია გავლენა.
American Pyrotechnics Association-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯული ჰეკმანმა CBS Minnesota-სთან განაცხადა, რომ აშშ-ში სამომხმარებლო ფეიერვერკების გაყიდვები 2026 წელს, ქვეყნის 250 წლის იუბილეს ფონზე, შესაძლოა 2.5 მილიარდ დოლარამდე მისულიყო. მისი თქმით, 2019 წელს გაყიდვებმა 1 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2020 წელს კი თითქმის გაორმაგდა და 1.9 მილიარდ დოლარს შეადგინა.
ფინანსურ და ტურისტულ ეფექტთან ერთად გასათვალისწინებელია უსაფრთხოების ღირებულებაც. აშშ-ის სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიის, CPSC-ის მონაცემებით, 2025 წელს ფეიერვერკებთან დაკავშირებულ შემთხვევებს სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სასწრაფო დახმარების განყოფილებებში დაახლოებით 13 000 დაშავებული მოხვდა. ცალკე 1 300 შემთხვევა ე.წ. სპარკლერებს უკავშირდებოდა. ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფად 15-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანები დასახელდნენ.

ამიტომ, როცა სახელმწიფო ან საჯარო და კერძო პარტნიორობა რეკორდული შოუს ორგანიზებას იღებს, ფინანსურ კალკულაციაში მხოლოდ სანახაობა არ შედის. ხარჯის ნაწილი არის უსაფრთხოება, სამედიცინო მზადყოფნა, crowd management-ი, სატრანსპორტო შეზღუდვები, სიცხის რისკის მართვა და საგანგებო რეაგირება. „Freedom 250“-ის ოფიციალურ გვერდზეც მითითებული იყო, რომ ღონისძიებაზე უფასო წყალი, გაგრილების ზონები, ჩრდილიანი სივრცეები, სამედიცინო პერსონალი და დამატებითი უსაფრთხოების შემოწმების პუნქტები იქნებოდა.
ბიზნესმედიისთვის მთავარი დასკვნა ასეთია: ტრამპის 4 ივლისის ფეიერვერკების შოუ შეიძლება შეფასდეს როგორც მაღალი ხილვადობის მქონე საინვესტიციო ღონისძიება, რომელიც ერთ ღამეში ქმნის მასშტაბურ მედიაეფექტს, ზრდის ტურისტულ მოთხოვნას და ამუშავებს რამდენიმე სექტორს ერთდროულად. თუმცა, მისი სუსტი წერტილი ბიუჯეტის გაუმჭვირვალობაა. როცა საჯაროდ დადასტურებულია მხოლოდ 1.5 მილიონი დოლარის ფედერალური ვალდებულება, ხოლო ინდუსტრიის სპეციალისტები მხოლოდ პიროტექნიკას 6-7 მილიონ დოლარად აფასებენ, სრული ეკონომიკური სურათი ღია კითხვად რჩება.

ერთი მხრივ, ასეთი შოუ სახელმწიფოსთვის არის ბრენდინგი, ქვეყნის 250 წლის იუბილეს გლობალური დემონსტრირება და ტურისტული მოთხოვნის სტიმულირება. მეორე მხრივ, თუ ხარჯები ბოლომდე არ ჩანს, მაშინ საზოგადოებისთვის რთულია შეფასება, რამდენად ეფექტიანად იხარჯება სახელმწიფო, კერძო ან შერეული დაფინანსება.
საბოლოოდ, ვაშინგტონის რეკორდული ფეიერვერკი აჩვენებს, რომ თანამედროვე ეროვნული დღესასწაული უკვე აღარ არის მხოლოდ კულტურული ან სიმბოლური ღონისძიება. ის არის დიდი ეკონომიკური ოპერაცია, სადაც ერთმანეთს ხვდება სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძო დონაციები, ტურიზმი, უსაფრთხოება, მედია, იმპორტი, ტარიფები და პოლიტიკური კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არა მხოლოდ ის არის, რამდენად დიდი იყო შოუ, არამედ ისიც, რამდენად გამჭვირვალედ დაითვალა მისი ფასი.



