რომელი ქვეყნები ხარჯავენ განათლებაზე მშპ-ის ყველაზე დიდ წილს

მსოფლიო 1784097998
ganatleba

კირიბატი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 16.4%-ს განათლებაზე ხარჯავს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი წილია - ამის შესახებ აღნიშნულია Visual Capitalist-ის პუბლიკაციაში, რომელიც მოიცავს 181 ქვეყნის მონაცემებს.

როგორც გამოცემა წერს, შემოსავლების დონის განსხვავების მიუხედავად, ქვეყნების უმეტესობა მშპ-ს 4%-დან 6%-მდე ინვესტირებას განათლებაში ახდენენ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ განათლებაზე მშპ-ის უფრო მაღალი წილის გამოყოფა ავტომატურად არ განაპირობებს უკეთეს შედეგებს.

გადამწყვეტია, რამდენად ეფექტიანად იხარჯება აღნიშნული რესურსი - სწავლების ხარისხის, სასწავლო პროგრამების, განათლების მართვისა და ხელმისაწვდომობის კუთხით. შესაბამისად, მსგავსი დანახარჯების მქონე ქვეყნებს შესაძლოა, განათლების სფეროში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული შედეგები ჰქონდეთ.

მონაცემები აჩვენებს, რომ რეიტინგის სათავეში პატარა კუნძულოვანი ქვეყნები დომინირებენ - კირიბატი ლიდერობს მშპ-ს 16.4%-ით, მას მოსდევს ტუვალუ (12.9%) და მიკრონეზია (11.6%).

10 ქვეყანა, სადაც განათლებაზე მშპ-ის ყველაზე დიდი წილი მოდის, ასე გამოიყურება:

  • კირიბატი - 16.39%;
  • ტუვალუ - 12.85%;
  • მიკრონეზია - 11.56%;
  • ნამიბია - 9.08%;
  • ალჟირი - 8.98%;
  • კუბა - 8.44%;
  • სოლომონის კუნძულები - 8.29%;
  • ბოტსვანა - 8.06%;
  • მარშალის კუნძულები - 7.7%;
  • ვანუატუ - 7.64%.

თუ მსოფლიოს მსხვილ ეკონომიკებს განვიხილავთ, განათლებაზე გამოყოფილი მშპ-ის წილით შვედეთი ლიდერობს (7.3%), მას კი დანია (6.4%) მოსდევს.

კერძოდ, 10 უმსხვილესი ეკონომიკის განათლებაზე გამოყოფილი ხარჯების წილი მშპ-ში ასეთია:

  • შვედეთი - 7.3%;
  • დანია - 6.4%;
  • ბელგია - 6.3%;
  • სამხრეთ აფრიკა - 6%;
  • ისრაელი - 5.9%;
  • გაერთიანებული სამეფო - 5.9%;
  • ბრაზილია - 5.6%;
  • ნორვეგია - 5.4%;
  • აშშ - 5.4%;
  • სამხრეთ კორეა - 5.4%.

რაც შეეხება საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს, მშპ-ში განათლებაზე გათვალისწინებული წილით პირველ ადგილზე რუსეთია, ბოლო ადგილს კი სომხეთი იკავებს.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის შემდეგი მაჩვენებლებია:

  • რუსეთი (გლობალურ რეიტინგში 95-ე ადგილი) - მშპ-ის 4.16%;
  • საქართველო (104 ადგილი) - მშპ-ის 3.98%;
  • აზერბაიჯანი (115 ადგილი) - მშპ-ის 3.66%;
  • თურქეთი (136 ადგილი) - მშპ-ის 3.1%;
  • სომხეთი (157 ადგილი) - მშპ-ის 2.44%.

BPN