„არ მგონია სწორი, მხოლოდ სასმელების გამო არ ბინძურდება გარემო - ევროპის ქვეყნებში არსად აკრძალული არ არის“ - თემურ ჭყონია

ბიზნესი 1773381600
თემურ ჭყონია

„მხოლოდ სასმელების გამო არ ბინძურდება გარემო, პლასტმასის ნაწარმი არის ქიმიაში, მედიცინაში, პარფიუმერიაში - თუ ერთი ნაწარმი ამოიღე და მეორე დატოვე, არ მგონია ეს სწორი“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.

ინფორმაციისთვის, მთავრობის დადგენილებით 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).

როგორც თემურ ჭყონიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ტიპის აკრძალვები ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ არის. მისი თქმით, ევროპაში განვითარებულია ნარჩენების გადამმუშავებელი ინდუსტრია, რაც საქართველოში უნდა გაკეთდეს.

„ამ დადგენილების საფუძველი არის ის, რომ პლასტმასის ნაწარმი, რომელიც არის სურსათთან შეხებაში, გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი პროდუქტიაო. რა თქმა უნდა, ეს მართალია, მაგრამ მხოლოდ სასმელების გამო არ ბინძურდება გარემო, პლასტმასის ნაწარმი არის ქიმიაში, მედიცინაში, პარფიუმერიაში - თუ ერთი ნაწარმი ამოიღე და მეორე დატოვე, არ მგონია სწორი. არალოგიკურად მეჩვენება, თუ ქიმიის ნაწარმი დატოვე და წყალი ამოიღე... ამასთანავე, მარტო პლასტმასი არ აბინძურებს გარემოს.

„ევროპის ქვეყნებში არსად აკრძალული არ არის“

ზაფხულში ყველაზე დიდი მოხმარებაა წყალსა და გაზიან სასმელებზეა. ცხელი ზაფხულის პირობებში, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება პლასტმასის ბოთლით გაზიანი სასმელების აკრძალვა. ამას რა ჰქვია არ ვიცი, სიცხემ შესაძლოა სიკვდილიანობაც კი გამოიწვიოს. გადახედეთ ისტორიას, ცხელი ზაფხულის პირობებში ყველა რეგულაცია იხსნება ევროპის ბევრ ქვეყანაში, რომ ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი შეფუთვის სასმელი წყალი.

ევროპის ქვეყნებში არსად აკრძალული არ არის, ნარჩენს შემდგომი გადამუშავების ძვირფას ნედლეულად იყენებენ. ამ გზით იღებენ მეტ სამუშაო ადგილსაც - ამ სფეროს აქვს ამოუწურავი გამოყენების შესაძლებლობა“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“.