„ინდური ბანკების შემოსვლა სესხებს ვერ გააიაფებს - ისინი მომხმარებელს დანარჩენი 20 ბანკისგან განსხვავებულ პირობებს ვერ შესთავაზებენ“

ბანკების აქტივები

„არსებობენ უფრო მსხვილი მოთამაშეებიც, რომლებსაც, სავარაუდოდ, საქართველოს ბაზარზე შემოსვლა სურთ“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ BTU-ს აოცირებული პროფესორი, საბანკო სფეროს ექსპერტი მაია ხელაძე პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებას ინდური ბანკების შესახებ.

შეგახსენებთ, შოთა ბერეკაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ: „ინდური ბანკები ძალიან სტაბილური ბანკები არიან და მაღალი საერთაშორისო რეიტინგი აქვთ - ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში ასეთი ბანკების შემოსვლა გამარტივდეს“. მან ასევე აღნიშნა, რომ საფინანსო სექტორის დაახლოებით, 75-80% ორ ბანკს უჭირავს, მათ კი აქვთ სურვილი, საფინანსო ბაზარზე ახალი ბანკები და მაღალი კონკურენცია გაჩნდეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, უფრო მაღალი და ჯანსაღი კონკურენციის საშუალებით, მომხმარებელი საუკეთესო საბანკო პროცენტს მიიღებს.

ინდური ბანკების საქართველოში შესაძლო შემოსვლის საკითხს გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავაც. მისი თქმით, „იქნება ეს ინდური ბანკი, ყაზახური ბანკი, ინგლისური ბანკი თუ სხვა, ჩვენ ყველა მხარისთვის ღია ვართ. ვხედავთ ძალიან მაღალ ინტერესს, დივერსიფიცირებულ გეოგრაფიას და ამას მხოლოდ მივესალმებით“.

მაია ხელაძის შეფასებით კი, ინდური ბანკების ქართულ ბაზარზე შემოსვლა, მომხმარებლისთვის საბანკო პროდუქტების განსხვავებული პირობებით შეთავაზებას ვერ უზრუნველყოფს.

„ინდურ საბანკო სექტორსა და მის აღიარებაზე ამ შემთხვევაში ვერაფერს ვიტყვი, რადგან მსოფლიო მასშტაბით ისინი ნამდვილად მსხვილი მოთამაშეები არიან. თუმცა, არსებობენ უფრო მსხვილი მოთამაშეებიც, რომლებსაც, სავარაუდოდ, საქართველოს ბაზარზე შემოსვლა სურთ.

თუმცა, ინდოეთის ფინანსური სექტორიდან აუცილებლად გამოვყოფდი მათ კაპიტალის ბაზარს, რადგან ის საკმაოდ განვითარებულია. აქედან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ თუ რამე სამაგალითო და გადმოსაღები გვაქვს ინდოეთიდან, ეს უფრო კაპიტალის ბაზრის მოთამაშეების შემოსვლა იქნებოდა, ვიდრე საბანკო ინსტიტუციების.

ამ შემთხვევაში, ინდური ბანკები მაგალითად იყო მოყვანილი და არ მგონია, კანონპროექტით აქცენტი კონკრეტულად მათზე კეთდებოდეს. თუმცა, რაც შეეხება მოსაზრებას, რომ თითქოს ინდური ბანკების შემოსვლით ქართველ მომხმარებელს ფასების უფრო კონკურენტუნარიანი შეთავაზება ექნება - ამას ცალსახად არ ვეთანხმები.

ვეთანხმები იმას, რომ დამატებითი ბანკების შემოსვლა და ინსტიტუციების ზრდა კონკურენციას გააუმჯობესებს და ხარისხს გაზრდის, მაგრამ იგივე საკრედიტო შეთავაზებები ვერ იქნება რეგულაციებით გათვალისწინებულ პირობებზე უკეთესი.

ახალი ინსტიტუცია ვერ შეძლებს, მაგალითად, ლარში სესხების გაცემისას ისეთი პირობები შესთავაზოს მომხმარებელს, რაც დანარჩენი 20 ბანკის შეთავაზებისგან განსხვავებული იქნება. ამიტომ, მოლოდინს, რომ რესურსების გადმოტანა სესხებს გააიაფებს, ვერ გავიზიარებდი.

რაც შეეხება ფინანსურ პროდუქტებს, რომლებიც ინდურმა ბანკებმა შეიძლება ქართულ ბაზარს გაუზიარონ, ინდოეთში ფინანსურ სექტორში საკმაოდ სწრაფი ზრდა მოხდა, თუმცა ნაკლებად საბანკო მიმართულებით. სექტორი უფრო ფინტექისა და კაპიტალის (და არა ფულის) ბაზრის კუთხით განვითარდა, რაც მართლაც სამაგალითოა. ჩვენთვის საყურადღებო და საინტერესო იქნებოდა, თუ როგორ შეძლეს მათ დროის მოკლე შუალედში ასეთი განვითარება.

თუმცა, უშუალოდ საბანკო სექტორის კუთხით ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებდი. კი, ინდოეთს აქვს თანამედროვე მიღწევა, რაც არის შიდა გადარიცხვებისა და გადახდების გაერთიანებული პლატფორმა. ანუ ფეიმენთების კუთხით მათ ნამდვილად დანერგეს აღსანიშნავი ტექნოლოგია ქვეყნის შიგნით, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენი ეროვნული ბანკიც პროცესების სათავეში დგას. კომერციულ ბანკებთან ერთად, ეროვნული ბანკი აქტიურად ნერგავს იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ყველაზე თანამედროვეა ფულის მოძრაობის თვალსაზრისით. მათ შორის ადგილობრივი ტრანზაქციების კუთხით“, - აცხადებს მაია ხელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.