საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებით ჩინური კომპანიები დაინტერესდნენ

ნავთობის მოძიება

საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებით ჩინური კომპანიები დაინტერესდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის Geo-Jade Petroleum Corporation-ის თავმჯდომარე ჰუანლონგ ჩენსა და ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული სახელმწიფო კომპანია China ZhenHua Oil-ის თავმჯდომარე ვანგ იუტაოს შეხვდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ორივე კომპანიამ ინტერესი გამოხატა საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორის მიმართ.

„მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ჩინეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

რა ვიცით ჩინურ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებით ინტერესდებიან

რაც შეეხება თავად კომპანიებს, China ZhenHua Oil Co. Ltd. ჩინეთის მსხვილი ნავთობისა და გაზის კომპანიაა. ის ახორციელებს ინვესტიციებს მოპოვებაში, საბადოების განვითარებასა და ნავთობითა და გაზით ვაჭრობაში. კომპანიის რეგისტრირებული კაპიტალი დაახლოებით 1-1.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, მთლიანი აქტივები - 5-8 მილიარდის ფარგლებშია, ხოლო ნავთობისა და გაზის ვაჭრობის წლიური მოცულობა 50 მილიონ ტონას აჭარბებს, რაც წელიწადში 20 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს.

უწყების ცნობითვე, Geo-Jade Petroleum Corporation ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანიაა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო 2P მარაგები 1.3 მლრდ ბარელ ნავთობის ეკვივალენტს უტოლდება. კომპანია გლობალურ ბაზრებზე ოპერირებს და მომპოვებელ აქტივებს მართავს სხვადასხვა ქვეყნებში.