1785565515
215 ათას ლარზე მეტი წლიური ხელფასი - რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე იგი ორკვირიან შვებულებაში იმყოფება, ხოლო პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მის პირველ მოადგილედ უკვე დანიშნა დავით ვარდიაშვილი.
“მიზეზი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები და ქვეყნის ორჯერ ჩაბნელებაა”, - წერს ფარულავა სოციალურ ქსელში.
გავრცელებულ ინფორმაციას ზარდიაშილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ არ ადასტურებენ “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” პრესსამსახურში და აცხადებენ, რომ ის შვებულებაში იმყოფება.
“ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი.
ვანო ზარდიაშვილმა, როგორც "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალურმა დირექტორმა, ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მაისის თვეში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, მას ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ის 2025 წელს დაინიშნა. მანამდე, 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში, 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი, ხოლო 2019-2020 წლებში შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილე.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ვანო ზარდიაშვილის სახელზე მხოლოდ თბილისში, იუნკერთა ქუჩაზე მდებარე 22.85 კვ.მ ფართობის ავტოფარეხია რეგისტრირებული, რომელიც 2013 წელს 1 500 აშშ დოლარადაა შეძენილი.
რაც შეეხება ოჯახის დანარჩენ უძრავ ქონებას, მისი მეუღლის, თინათინ აბრალავას საკუთრებაშია: ორი ბინა (62.54 კვ.მ და 47.63 კვ.მ) თბილისში, ჭიაურელის ქუჩაზე, რომლებიც მან 2017 წელს მშობლებისგან საჩუქრად მიიღო. გარდა ამისა, იგი ფლობს 50%-იან წილს თბილისში, ბერი სალოსის ქუჩაზე მდებარე ორ კომერციულ ფართში (51.4 კვ.მ და 68.6 კვ.მ), რაშიც 2016 წელს ჯამურად, 50 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.
დოკუმენტის თანახმად, თინათინ აბრალავას საკუთრებაშია ასევე 5%-იანი წილი შპს „პენტჰაუზში“, თუმცა ამ კომპანიიდან მას გასულ წელს შემოსავალი არ უფიქსირდება. ამავე პერიოდში, სალოსის ქუჩაზე მდებარე კომერციული ფართის გაქირავებით მან შემოსავლის სახით 27 000 ლარი მიიღო.
რაც შეეხება სამსახურებრივ ანაზღაურებას, ვანო ზარდიაშვილმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობისთვის 2025 წელს ხელფასის სახით 215 218 ლარი მიიღო (თვეში საშუალოდ 17 934 ლარი). მის მეუღლეს, თინათინ აბრალავას კი მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე წლიურად 88 038 ლარი აქვს აღებული.
ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების მომენტში, ვანო ზარდიაშვილი სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამურად, 19 694 ლარს ფლობდა. 5 072 ლარი, 40 000 აშშ დოლარი და 721 ბრიტანული ფუნტი კი მისი მეუღლის ანგარიშებზე ფიქსირდებოდა.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორს, 7 800 ლარი აქვს გადახდილი შვილის სწავლის საფასურის სახით.



