1784097998
„3 წლის თავზე უკვე შევძლებთ თბილისში ტრამვაით სარგებლობას - მიდის მუშაობა და აუცილებლად გვექნება სხვა ხაზებიც“
თბილისში, დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მოწყობის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა.
საუბარია, კომპანიაზე - EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi-ზე, რომელსაც ყველაზე ნაკლები თანხა - 287.654 მლნ ლარი ჰქონდა წარდგენილი ტენდერში.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ADB-ის შესყიდვების შესაბამისად განისაზღვრა ე.წ. გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგაც გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმდება.
დედაქალაქში ტრამვაის დაბრუნების პროექტზე ისაუბრა თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემაც „რუსთავი 2-ს“ ეთერში.
„36 თვე ანუ 3 წელი არის ის ვადა, რომლის თავზეც უნდა ჩაგვბარდეს აღნიშნული ხაზი. სხვა პროცედურაა უკვე შემადგენლობების შეძენა, რომელზეც ცალკე გამოვაცხადებთ ტენდერს და 3 წლის თავზე გვექნება შესაძლებლობა, რომ ვისარგებლოთ ტრამვაით და დავაბრუნოთ ის ჩვენს ქალაქში.
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს არ იქნება ბოლო, ჩვენ ვაპირებთ შემდგომ სხვადასხვა ხაზებზე განვითარებას და უახლოეს მომავალში გვექნება სიახლეები ამ მიმართულებით. ეს არ არის მხოლოდ ერთი პროექტი. ტრამვაი მომავალში აუცილებლად იქნება სხვადასხვა ქსელებზე ანუ დაიქსელება ქალაქი.
გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, თუმცა, მხოლოდ გარკვეული კვლევების საფუძველზე შეგვეძლება ამაზე ღიად საუბარი რაღაც პერიოდის შემდეგ. ამ ეტაპზე მიდის კვლევის და ტექნიკურ მახასიათებლებზე მუშაობა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად იქნება სხვა ხაზებიც,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ცნობისთვის, პროექტის მიხედვით, ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 ╔მე-4 მიკრორაიონების შერწყმის ადგილიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.
ოფიციალური მონაცემებით, ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე შესყიდვა მეორედ, 13 თებერვალს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 416 592 000 ლარი იყო, რომლის დონორიც აზიის განვითარების ბანკია.
იქამდე პირველი ტენდერი გასული წლის ოქტომბერში იყო გამოცხადებული, რომელიც შეწყდა, ამის მიზეზად კი სატენდერო დოკუმენტაციაში ტექნიკური პარამეტრებისა და პროცედურების კორექტირების აუცილებლობა დასახელდა.



