დღეიდან მართვის მოწმობის გამოცდის წესები იცვლება

მართვის მოწმობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 2026 წლის 15 ივნისიდან საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდის წესები იცვლება.

შეგახსენებთ, იმასაც რომ B და B1 კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 30-კითხვიან ტესტში უკვე მაქსიმუმ 5 შეცდომის დაშვების უფლება აქვს. შესაბამისად, გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი 30 წუთში მინიმუმ 25 სწორ პასუხს გასცემს. მაშინ, როცა მანამდე, სავალდებულო 27 სწორი პასუხი იყო.

უწყების ახალი გადაწყვეტილების შედეგად, მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე გასულ კანდიდატს დღეიდან უფრო მეტი შეცდომის დაშვების უფლება ეძლევა უკვე პრაქტიკულ გამოცდის მეორე ეტაპზეც.

კერძოდ, ცვლილების შედეგად, 15 ივნისიდან B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებამდე არსებული წესით, მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავდა. ახალი წესით კი, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი უკვე გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.