1778400941
ერთად ნაყიდი, მაგრამ მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ბინა - როგორ უნდა დაიცვათ ქონება, თქვენი ნებართვის გარეშე გასხვისებისგან?
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით რთულ იურიდიულ საკითხებს, სადაც სწორი ინფორმაციის ფლობა გადამწყვეტია. როგორ დავიბრუნოთ სამკვიდრო ვადის გასვლის შემდეგ? ვინ არის პასუხისმგებელი დაზიანებულ ამანათზე? ან როგორ დავიცვათ უძრავი ქონება ოჯახური დავის დროს?
თქვენს შეკითხვებს პასუხობს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი - ნუგბარა როსტიაშვილი.
როცა სამკვიდროს მიღების ვადა გასულია, შემიძლია თუ არა ვადის გაგრძელება?
- სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილება საპატიო მიზეზით მოხდა. მაგალითად, თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის შესახებ. აგრეთვე, თუ მან ობიექტური მიზეზის გამო ვერ შეძლო ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდროს ან მიემართა ნოტარიუსისთვის.
ვადის გაშვების საპატიოობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამშვებ მემკვიდრეს. ამასთან, სასამართლოსთვის მიმართვა საჭირო არაა, თუ ყველა მემკვიდრე გამოთქვამს თანხმობას ვადის გამშვები მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე.
ტვირთების გადაზიდვის კომპანიამ დაზიანებული ტვირთი ჩამოიტანა და არ მინაზღაურებს. აქვს თუ არა ამის ვალდებულება კომპანიას და ვის მივმართო?
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, მომხმარებელს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც მან მიიღო ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვითა თუ დაზიანებით, ასევე ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებით.
ზიანის ანაზღაურებაზე, პირველ რიგში, გადამზიდავია პასუხისმგებელი და ტვირთის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემისას მომხმარებელმა მას უნდა მიმართოს. თუ ნივთის დაზიანებამ გამოიწვია მისი მხოლოდ ნაწილის გაუფასურება, მაშინ ანაზღაურება მოიცავს მხოლოდ გაუფასურებული ნაწილის ფარგლებს, ხოლო თუ ნივთის ნაწილის დაზიანებამ მისი მთლიანად გაუფასურება გამოიწვია, ანაზღაურება იგივე უნდა იყოს, რაც ნივთის განადგურების შემთხვევაში იქნებოდა.
თუ ნივთის მიწოდების ვადა წინასწარ არ ყოფილა დათქმული, მაშინ გადასაზიდად "ჩვეული ვადის" გადაცილება ჩაითვლება პირობის დარღვევად, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ საიდან ხდება ნივთის ტრანსპორტირება. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, "ჩვეული ვადა" განსხვავებული იქნება, თუმცა მისი გაანგარიშება ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
აქვე უნდა გაითვალისწონოთ, თუ მომხმარებელი ტვირთის მიღებისას მას გადამზიდავის წარმომადგენლის თანდასწრებით არ შეამოწმებს, ხელს მოაწერს მიღება-ჩაბარების აქტს და გადამზიდავს მაშინვე არ წაუყენებს პრეტენზიას გარეგნულად შესამჩნევი დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, ჩაითვლება, რომ გადამზიდავმა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
გარეგნულად შესამჩნევი დანაკარგებისა და დაზიანების დროს პრეტენზიის მოგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელს მოუწევს იმის დამტკიცება, რომ ნაკლის მქონე ნივთი ჩაიბარა. თუმცა, ამასთან, "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონის თანახმად (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
რაც შეეხება პრეტენზიებს გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანების თაობაზე, ისინი წარდგენილი უნდა იქნეს გადამზიდავთან ტვირთის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 7 დღისა; რადგან ფარული დანაკარგებისა და დაზიანებების აღმოჩენა გარკვეულ დროს მოითხოვს. გადამზიდავი შეიძლება გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან თუ იგი დაამტკიცებს, რომ: ტვირთის ნაკლი ან მიწოდების დაგვიანება ფორსმაჟორული გარემოებებითაა გამოწვეული, მაგალითად, როგორებიცაა ომი, სტიქიური უბედურება, კარანტინი და სხვა;
ანუ ისეთი გარემოებები, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდავს არ შეეძლო. გამყიდველმა გადამზიდავს არ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადაზიდვის დროს ნივთი შესაძლოა დაზიანდეს და მას დამატებითი შეფუთვა სჭირდება. მაგალითად, მსხვრევადი ნივთების გადაზიდვის დროს.
ნივთი გადაზიდვის დროს არ დაზიანებულა და მას უკვე გააჩნდა ესა თუ ის ნაკლი, როდესაც იგი გამყიდველმა მიაწოდა. უკანასკნელ ორ შემთხვევაში მომხმარებელს ზიანი გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს. თუკი ნივთს გადაზიდვამდე გააჩნდა ნაკლი, მაშინ მომხმარებელს უფლება აქვს გამყიდველს პრეტენზია წაუყენოს.
ბინა, რომელიც ერთად შევიძინეთ, არის მეუღლის სახელზე. ქმარს აქვს ვალები და მითხრა, რომ აპირებს ბინის გაყიდვას. მე წინააღმდეგი ვარ, რადგან არა გვაქვს სხვა საცხოვრებელი. მინდა ჩემ გარეშე ვერ შეძლოს ბინის გასხვისება. რა გზა არსებობს?
- კანონით, ქორწინების პერიოდში შეძენილი ბინა საკუთრების უფლებით ორივე მეუღლეს ეკუთვნის, მაგრამ თუ ბინა მხოლოდ ერთ მეუღლეზეა აღრიცხული, მაშინ მესაკუთრედ ითვლება ის, ვის სახელზეც ბინაა. მას უპრობლემოდ შეუძლია ბინის გაყიდვა. ამ დროს მყიდველი კეთილსინდისიერი შემძენი ხდება, რადგან ბინის მესაკუთრე კანონით არის ის, ვისზეც ბინაა აღრიცხული.
მყიდველისთვის ბინის გადაფორმების შემდეგ თანამესაკუთრე, რომელსაც წილი საჯარო რეესტრში არა აქვს დაფიქსირებული, კეთილსინდისიერი მყიდველისგან ამ ბინიდან წილს ვეღარ დაიბრუნებს. მეორე მეუღლეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა რჩება - ბინის მესაკუთრეს, ანუ თავისი ოჯახის წევრს, კომპენსაცია მისი წილის სანაცვლოდ მოსთხოვოს.
ასეთი დავები ხშირია სასამართლოში, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ძალიან ხშირად, როცა ბინა გაიყიდება, ბინის გამყიდველი, იმისთვის, რომ თავი აარიდოს კომპენსაციის გადახდას, აღებული ფულით არ ყიდულობს ისეთ ქონებას, რომელიც შეიძლება მის სახელზე დარეგისტრირდეს, ასეთ შემთხვევაში კი დაზარალებული თანამესაკუთრე კომპენსაციასაც ვეღარ იღებს.
ამიტომაც თანამესაკუთრის უფლება დაცული რომ იყოს, საჯარო რეესტრში თავიდანვე უნდა დაარეგისტრიროს მეორე მეუღლემაც თავისი თანასაკუთრების უფლება. ასეთ სიტუაციაში მისი თანხმობის გარეშე მეუღლე ბინას ვერ გაყიდის.
დღეს მოქმედი კანონით, კეთილსინდისიერი შემძენის უფლებები უფრო დაცულია - თუკი ბინა გაიყიდა, მისი დაბრუნება გამორიცხულია. თუკი მოახერხებთ და დაიყოლიებთ მეუღლეს, გირჩევთ ამ ქონების თანამესაკუთრედ დარეგისტრირდეთ, რომ მან თქვენ გარეშე ქონების გაყიდვა ვერ შეძლოს.
როცა არსებობს თანამესაკუთრედ მეორე პირი გაფორმებული, ასეთ დროს ბინის მესაკუთრეს თანამესაკუთრის თანხმობა სესხის აღების დროსაც სჭირდება და თქვენ გარეშე ვერანაირ ოპერაციას ვერ ჩაატარებს, ამით კი თავს და თქვენს ქონებას დაიცავთ.
თუ მეუღლე თანამესაკუთრეობას არ თანხმდება, მიმართეთ სასამართლოს და მოითხოვეთ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ნახევრის თქვენს სახელზე აღრიცხვა, თუმცა ასევე მეუღლესაც შეუძლია ვალების გადახდაში მონაწილეობა დაგავალოთ, რადგან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეთა შორის იყოფა როგორც აქტივი, ასევე პასივი.



