1770985116
გიორგი ხიშტოვანი: გაძვირდება ქვეყანაში არსებული ძველი მანქანები
„მყისიერ ეფექტებზე რომ ვისაუბროთ, ვისაც უნდა მანქანის შეძენა, მოუწევს უფრო მეტი ხარჯის გაწევა,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ილიაუნის” სრულმა პროფესორმა გიორგი ხიშტოვანმა ისაუბრა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმება. აღნიშნულის მიზეზად კი კობახიძემ ბოლო წლებში ქვეყანაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა დაასახელა. კერძოდ, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2012 წელს საქართველოში 864 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ხოლო წლევანდელი მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.
როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა, ამ შეზღუდვის მყისიერი ეფექტი იქნება ქვეყანაში არსებული ძველი ავტომობილების გაძვირება.
„რაც შეეხება ავტომობილების აკრძალვის თემას, რა თქმა უნდა, შეიძლება იმის გამართლება, რომ ახალი ავტომობილი უფრო უსაფრთხოა და გარემოს ნაკლებად ვნებს, მაგრამ ამ საკითხის მყისიერ ეფექტებზე რომ ვისაუბროთ, იქნება ის, რომ გაძვირდება ქვეყანაში არსებული ძველი მანქანები, გამომდინარე იქიდან, რომ თუ იმპორტი აიკრძალა მათ დამატებითი ფასი დაედება. შესაბამისად, ვისაც უნდა მანქანის შეძენა, მოუწევს უფრო მეტი ხარჯის გაწევა.
რაც შეეხება საცობების პრობლემის ამ გზით მოგვარებას, ის უკვე იმდენად მასშტაბურია ქვეყანაში, რომ თუ ადგილზე რამე გადაწყვეტები არ იქნება შემოთავაზებული, ახალი მანქანების შემოყვანით არსებული პრობლემა ვერ მოგვარდება,“ - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
როგორც ხიშტოვანი ვარაუდობს, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება კანონის მიღებამდე შეცვალოს და 6 წელზე მაღალი ასაკის მანქანების იმპორტი კი არ აკრძალოს, არამედ ასეთი ავტომობილების იმპორტიორებს დაუწესოს მეტი გადასახადი.
„ქართულმა ოცნებამ“ შეგვაჩვია იმას, რომ ის პროცესში ცვლის გადაწყვეტილებებს, მარტივ 2-სვლიან და 3-სვლიან კომბინაციებს ათამაშებს და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამიტომაც სჯობს დაველოდოთ კანონის საბოლოო ვერსიას, იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავ, საბოლოოდ დათმობაზე წავიდეს და კი არ აიკრძალოს იმპორტი, არამედ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის შეძენის შემთხვევაში იმპორტიორმა მეტი გადასახადი გადაიხადოს და ამ გზით ვითომ დათმობაზე წავიდეს, არადა აღმოჩნდეს, რომ მისი პირველადი მიზანი სწორედ გაძვირება იყო,“ - განაცხადა ხიშტოვანმა.
ილიაუნის სრულმა პროფესორმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების კიდევ ერთ ვერსიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინიციატივით „ქართულმა ოცნებამ“ „კოჭი გაუგორა“ მათთან დაახლოებულ ავტოიმპორტიორებს, რომლებიც პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან.
„2025 წელი ძალიან მძიმე წელი იყო მსხვილი ავტოიმპორტიორებისთვის, რომლებიც ყიდიან ახალ ავტომობილებს, ბევრს მოუწია თავისი გეგმების უკან დაწევა. შეიძლება უბრალოდ იმუშავა ავტოიმპორტიორების ლობიმ, რომელთა დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები არიან, როგორც მინიმუმ პარტიის დამფინანსებლები, შესაბამისად, ამით „კოჭი გაუგორა“ „ქართულმა ოცნებამ“ ამ ჯგუფებს და რაც უფრო აიკრძალება ძველი ავტომანქანების იმპორტი, რაღაც მხრივ წახალისდება ახალი ავტომობილების შეძენა. უბრალოდ, აქ კიდევ ერთ საკითხს უნდა დავუკვირდეთ, პრობლემა აქ არის ის, რატომ ვერ ყიდულობენ ადამიანები ახალ ავტომობილს, ანუ პრობლემაა ეკონომიკური მდგომარეობა,“ - განაცხადა ხიშტოვანმა.



