1782797972
„ივლისის მეორე ნახევრიდან მკვეთრად აიწევს ტემპერატურა - ელ-ნინიოს გავლენა საქართველოში აგვისტო-სექტემბერში დაიწყებს გამოვლენას“
„ივლისის მეორე ნახევრიდან მკვეთრად აიწევს ტემპერატურა“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ექსტრემალური ტემპერატურების ხანგრძლივობა ეტაპობრივად იზრდება.
„ძირითადი სცენარებით, რაც შეიძლება განვითარდეს საქართველოში, ივლისის მეორე ნახევრიდან მკვეთრად აიწევს ტემპერატურა. ტემპერატურა იქნება მაღალი, ისეთი, როგორიც შარშანაც იყო აგვისტოში საკმაოდ ხანგრძლივად. ექსტრემალური ტემპერატურები საქართველოში ყოფილა, 45 გრადუსიც ყოფილა და 50 გრადუსზეც კი ავიდა ცოტა ხნით დასავლეთ საქართველოში. პრობლემა იმაში მდგომარეობას, რომ ექსტრემალური ტემპერატურების ხანგრძლივობა იზრდება. ამან შესაძლოა, გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები“, - აცხადებს ჩხობაძე.
„ელ-ნინიოს გავლენაც იქნება საქართველოში, თუმცა, შედარებით გვიან“
როგორც მანვე აღნიშნა, მიმდინარე წელს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი გვალვა, ხოლო დასავლეთ საქართველოში წვიმები.
„ჩვენი მეტეოროლოგები და სინოპტიკოსები როგორც ამბობენ, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი გვალვა, დასავლეთ საქართველოში შესაძლოა წვიმების პერიოდი უფრო მეტად გაახანგრძლივეს. მართალია ზაფხულის პერიოდში არ ფიქსირდება, რომ იქნება ხშირი წვიმები, მაგრამ თუ იქნება, იქნება ერთბაშად ისეთი ძლიერი წვიმა, მაგალითად როგორიც იყო 2015 წელს“, - აღნიშნავს რესპონდენტი.
მისი თქმით, საქართველოში ელ-ნინიოს ეფექტი აგვისტო-სექტემბრის პერიოდში დაიწყებს გამოვლენას.
„ელ-ნინიოს გავლენაც იქნება საქართველოში, თუმცა, ჩვენთან უფრო გვიან იწყებს მოქმედებას, ალბათ, უფრო აგვისტო-სექტემბერში გამოვლინდება; ვარაუდობენ, რომ გაგრძელდება ოქტომბერშიც, მაგრამ ვინაიდან გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება რთულია, შესაძლოა, ოქტომბერში მალევე აცივდეს“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.



