1783755720
მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა სადგურის მოედნისა და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, თევდორე მღვდლის, აბასთუმნისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებიდან გარემოვაჭრეების დახლები გაიტანეს.
"თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, შპს თბილსერვის ჯგუფთან ერთად, ტროტუარები და ქუჩის სავალი ნაწილი თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან და ნარჩენებისგან სრულად გაწმინდა. უნებართვო კონსტრუქციების გატანისა და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, მეტროს შესასვლელები, ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა.
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სისტემატურად ახდენს დედაქალაქში გარევაჭრობის კონტროლს, თუმცა, ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნისა და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციებისა და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, გახშირდა საავტომობილო გზებზე გადმოსვლისა და ტრანსპორტის მოძრაობისთვის ხელის შეშლის ფაქტებიც. აგრეთვე, ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობიდან გამომდინარე ანტისანიტარია და გარემოს ნარჩენებით დაბინძურების ფაქტებიც ფიქსირდებოდა". - წერია თბილისის მერიის განცხადებაში.
გარემოვაჭრეების ნაწილი ამბობს, რომ მათ თბილისის მერიის თანამშრომლებმა საქონელი ნაგავში გადაუყარეს.
"საქონელი ბუნკერში ჩამიყარეს. ადგილზე 7 000 ლარის საქონელი მქონდა, რომელიც ფერფლად მიქციეს. ღამის 3 საათზე ჩუმად მოიპარნენ, მიჭერდნენ და ისე გვართმევდნენ. ჩემი თანხის ანაზღაურებას ვითხოვ. ალტერნატივასაც არ გვთავაზობენ". - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე TV პირველთან საუბარში.
გარემოვაჭრეების ნაწილი ამბობს, რომ ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, სხვა გზა არ აქვთ და ამიტომ, ადგილზე ვაჭრობის გაგრძელებას კვლავ აპირებენ.



