რა ქონებას ფლობს ლენტეხის ყოფილი მერი, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს

ლენტეხის ყოფილი მერი

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გია ონიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ, სასტუმროს აშენების მიზნით, შეიძინა მიწის ნაკვეთი და დაუკვეთა მშენებლობის პროექტი, რომელიც ვერ პასუხობდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს. კერძოდ განაშენიანების ფართი არ შეესაბამებოდა მოქმედ კოეფიციენტს. როგორც პროკურატურა განმარტავს, გია ონიანმა აღნიშნული პროექტი, მეუღლის სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში წარადგინა, რომელსაც ნუგზარ ტვილდიანი ხელმძღვანელობდა და სამშენებლო ნებართვის გაცემა მოითხოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ნებართვის გაცემის პროცესში, გია ონიანმა და ნუგზარ ტვილდიანმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, არ გაითვალისწინეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავალდებულოდ მოქმედი, კოდექსის მოთხოვნები, განაშენიანების ფართის ნაწილში მოქმედ კოეფიციენტთან წინააღმდეგობის ფაქტი, მშენებლობის ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობა და მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის საკითხი შეთანხმებული არ ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, ასეთ პირობებში გასცეს კანონმდებლობის შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები.

გარდა ამისა, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სასტუმროს მშენებლობის პროცესში, ზედამხედველობის სამსახურმა, რომელსაც გია ონიანის მეუღლის დის ქმარი გიორგი გულბანი ხელმძღვანელობდა, ნაცვლად იმისა, რომ შეეჩერებინა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ნაწარმოები მშენებლობა, გია ონიანს საშუალება მისცა გაეგრძელებინა უკანონო მშენებლობა. რითაც, პროკურატურის განმარტებით, არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

„ბიზნესპორესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ამჟამად დაკავებული ლენტეხის ყოფილი მერი.

გია ონიანმა ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის დეკემბერში შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია 2 ბინა თბილისში, აქედან ერთი 2006 წელს 29 000 ლარად აქვს შეძენილი, მეორე კი 2021 წელს 40 000 აშშ დოლარად. გარდა ამისა, მას ეკუთვნის, 4 მიწის ნაკვეთი, წყალტუბოში, საგურამოსა და ლენტეხში, ხოლო მეხუთე მიწის კვეთის 14%. გარდა ამისა, ავტოფარეხი და სატვირთო ავტომობილი, რომელიც 3000 დოლარად აქვს შეძენილი. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლის სახელზეა ბინა თბილისში, რომელიც 2017 წელს 10 500 ლარად აქვს შეძენილი, ხოლო შვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი (მერსედესი G CLASS), რომლის ღირებულება 20 000 აშშ დოლარია.

დოკუმენტის მიხედვით, გია ონიანი დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე ფლობდა 1051 ლარს. ხოლო ხელფასის სახით, მერის პოზიციაზე 2024 წელს აღებული აქვს 51 571 ლარი.

როგორც დეკლარაციაშია მითითებული, გია ონიანის მეუღლე არის შპს „ბიზნესის მონიტორინგისა და უსაფრთხოების სამსახურის“ სრულის აქციო პაკეტის მფლობელი და დირექტორი, ასევე, შპს „კოფიდუს“ 25%-იანი წილის მესაკუთრე.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გია ონიანის სახელზეა 130 000 ლარიანის საბანკო სესხი, რომლის დაფარვისთვის 2024 წელს გადახდილი აქვს 19 836 ლარი.

BPN