საქართველო განქორწინებების რაოდენობით მსოფლიოს ხუთეულში შედის, ასეთი მაჩვენებელი არასოდეს ყოფილა - დემოგრაფი

ქორწინების ბეჭედი

თსუ-ს პროფესორი, დემოგრაფი გიორგი მელაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის ინიციატივა, მოხდეს დემოგრაფიის პრობლემების შესწავლა და მდგომარეობის გამოსწორებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, მისასალმებელია.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გიორგი მელაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს დღეს 2 უმთავრესი პრობლემა აქვს - დაკარგული ტერიტორიები და დემოგრაფიის საკითხი, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელია.

„პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ვცდილობთ, ურთულესი პრობლემა გახლავთ და მინდა გითხრათ, რომ არ არის მარტივი გადასაჭრელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელები ჩამოვუშვათ და არაფერი ვაკეთოთ.

უნდა აღინიშნოს, რომ დემოგრაფიული პროცესების განვითარების თვალსაზრისით, 21-ე საუკუნე კაცობრიობის ისტორიაში არნახული და რთულად პროგნოზირებადიც იქნება, რადგან დღესდღეობით მსოფლიოში მიმდინარე და მოსალოდნელ დემოგრაფიულ მოვლენებს არ გააჩნია საზღვრები, შეუქცევადია და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოიცავს. იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას გლობალურ პრობლემებზე, რომ მის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი პრობლემები განვიხილოთ. ის დემოგრაფიული პრობლემები, რაც საქართველოშია, გნებავთ, შობადობის, გნებავთ, გარდაცვალების რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი, ემიგრაცია, დაქორწინების კლება, განქორწინებები და სამწუხაროდ, საქართველო განქორწინებების რაოდენობით მსოფლიოს ხუთეულში შედის, ასეთი რაღაც არასოდეს ყოფილა, მსოფლიოშიც ფიქსირდება“, - აცხადებს გიორგი მელაძე.

მისივე ინფორმაციით, მსოფლიოს წამყვანი დემოგრაფების პროგნოზია, რომ შობადობა მომავალში აუცილებლად დაიკლებს, რასაც ძალიან ბევრი მიზეზი გააჩნია.

„თუკი ამ მიზეზებს შევხედავთ, ურთულესი პრობლემა გახლავთ შობადობის გაზრდა, თუმცა გარკვეული ზომები უნდა გატარდეს. 1 წლამდე ბავშვთა მოკვდაობის შემცირება არის ერთ-ერთი პირველი მიზეზი შობადობის კლების. საერთოდ, შობადობა 200 წელზე მეტია, კლებულობს და ნუ ვიტყვით, რომ ბოლო ათწლეულში, ოცწლეულში, 90-იანებში მოხდა, ეს ასე არ არის, ეს გლობალური პროცესია და მიზეზი გახლავთ შემდეგი: როცა ადრე ბავშვთა მოკვდაობა ძალიან მაღალი იყო, 1000 დაბადებული ბავშვიდან 300 იღუპებოდა, 5 წლამდე კი ნახევარი იღუპებოდა. ბავშვთა მოკვდაობის შემცირებამ გამოიწვია ის, რომ აღარ იყო საჭირო მრავალი შვილის ყოლა ოჯახში. დღეს ოჯახს ერთი ბავშვიც რომ ჰყავდეს, მას თითქმის 97-98%-იანი გარანტია გააჩნია, რომ ზრდასრულობამდე მიაღწევს, ადრე ეს არ იყო.

შობადობის შემცირების შემდეგი მიზეზია ქალთა დასაქმება. რა თქმა უნდა, იმის მომხრე არ ვარ, რომ ქალები სახლში ისხდნენ, მაგრამ დღესდღეობით ძალიან მაღალია ქალთა დასაქმება და ეს ხელს უშლის შობადობის ზრდას. ასევე, განათლების გახანგრძლივება - ადრე ადამიანს თუ მხოლოდ დაწყებითი განათლება ჰქონდა და წერა-კითხვა იცოდა, მეტი არც იყო საჭირო. დღეს ძალიან დიდი განათლება არის საჭირო, ადამიანმა ნორმალურად რომ იცხოვროს და ოჯახი არჩინოს, ამას კი დიდი დრო სჭირდება.

მოსახლეობის შობადობის შემცირებას ასევე ხელს უწყობს რელიგიის როლის შესუსტებაც დედამიწაზე, რაც სამწუხარო ფაქტია და მთელ მსოფლიოში მიდის ეს პროცესი, რომ მორწმუნეების რაოდენობა შემცირდება, რასაც მხარს არ ვუჭერ, მაგრამ ასეთი ტენდენციაა და ვერაფერს უზამ“, - განაცხადა გიორგი მელაძემ.