საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქის არჩევა იგეგმება, დღეს გაიმართება

სამი კანდიდატი

სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დღეს ახალ კათალიკოსს გამოარჩევენ. კრება 13:00 საათზე დაიწყება. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის უნდა გააკეთონ.

სანამ ეპისკოპოსები არჩევანს გააკეთებენ, პატრიარქობის კანდიდატებს და დელეგატების ნაწილს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა ექნება. ამის შემდეგ ჩატარდება კენჭისყრა. თუ პატრიარქობის კანდიდატი 39 ეპისკოპოსისგან მინიმუმ 20 ხმას დააგროვებს, გამარჯვებულად ჩაითვლება. ხმების სხვაგვარი გადანაწილების შემთხვევაში, ხელახალი კენჭისყრა ჩატარდება. პატრიარქის არჩევის პროცესს ეპარქიებიდან, სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან მოწვეული 1200 დელეგატი დაესწრება. კენჭისყრის შედეგები დღესვე გამოცხადდება. შესაბამისად, საქართველოს ეკლესიას დღეიდან ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება. მისი ინტრონიზაციის თარიღთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება უკვე თავად გამორჩეულმა პატრიარქმა უნდა მიიღოს.