„თბილისი თავკომბალა გახდა, ქვეყანა იმიგრაციით იზრდება - თუ ამდენი უცხოელი ცხოვრობს, როგორ არის ქართველების ასეთი მაღალი პროცენტი დაფიქსირებული?! - დემოგრაფი

ხალხი ქუჩაში

„ბუნებრივი მატება შობადობის გზით გამრავლებას ნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში კი მოსახლეობის ზრდა, ძირითადად, მექანიკური გზით, ანუ იმიგრაციით ხდება“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი ლელა მენაბდიშვილი 2024 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებს.

შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 2.5 %-ით გაიზარდა და 3 775 415 კაცი შეადგინა, თუმცა მათი წილი მთლიან მოსახლეობაში, აღწერათაშორის პერიოდში 99.2 %-დან 96.1 %-მდე შემცირდა.

ამასთან, მათივე ცნობით, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რიცხოვნობამ 133 857 კაცი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ განახლებული მონაცემების მიხედვით, 2014 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები უკრაინის, ინდოეთის და რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა.

კერძოდ, თუ წინა აღწერის შედეგად საქართველოში მუდმივად მცხოვრები 7 620 რუსეთის მოქალაქე იყო, 2024 წლის აღწერით მათმა რიცხვმა 37 715 შეადგინა, ანუ ზრდა 395%-ია.

როგორც დემოგრაფი „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, აღწერის მიდგომა, რომლითაც სახეზე მყოფი მოსახლეობის რიცხოვნობა არ ითვლება, რეალურ სურათს ბუნდოვანს ხდის.

მისი შეფასებით, მონაცემები განსაკუთრებით კითხვებს აჩენს დიდ ქალაქებსა და ისეთ რეგიონებთან მიმართებით, როგორიცაა აჭარა, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათ შორის რუსების, თურქებისა და უკრაინელების) დასაქმებისა და ბიზნესსექტორში დამკვიდრების მაჩვენებელი მაღალია.

„თბილისი არის თავკომბალა. საბოლოოდ, მივიღებთ იმ სურათს, რომ მთელი მოსახლეობა დედაქალაქში მოიყრის თავს, რასაც რა მოჰყვება, აღარ ვიცი. უკვე ვეღარ ვსუნთქავთ და ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება. კი ბატონო, ეკონომიკას ავამაღლებთ, მუშახელი გვეყოლება, უცხოელებს ჩამოვიყვანთ და დავასაქმებთ, მაგრამ ჩვენ რა?! ჯერ ჩვენს ერზე უნდა ვიფიქროთ.

ძალიან ცუდი ტენდენცია იყო, რომ ამოიღეს ეროვნება. მანამდე, ჩვენ ყოველ მიმდინარე სტატისტიკაში ამ საკითხს კარგად ვარკვევდით და ვმუშაობდით. ახლა ეროვნებას საერთოდ აღარ ვწერთ და ფიქსირდება მხოლოდ მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქე კი შეიძლება ყველა გახდეს.

მითუმეტეს, ამ დიდ ქალაქებში აღარ ვიცით, რეალურად რა ხდება. მაგალითად, ბათუმთან ძალიან მჭიდრო შეხება მაქვს და ადგილობრივები მეუბნებიან, რომ მასობრივად არიან დასაქმებულები თურქები, რუსები და უკრაინელები. სიტუაცია ძალიან მძიმეა.

ქვეყანაში სულ სამი რეგიონი გვაქვს, სადაც ბუნებრივი მატება ფიქსირდება - თბილისი, აჭარა და ქვემო ქართლი. თუმცა, აჭარასა და ქვემო ქართლში ეს მატებაც იმიტომ ხდება, რომ იქ უფრო მეტი მუსულმანი ცხოვრობს, ვიდრე მართლმადიდებელი.

მიუხედავად ამისა, წლიდან წლამდე კლება მაინც შეიმჩნევა. ბუნებრივი მატება შობადობის გზით გამრავლებას ნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში კი მოსახლეობის ზრდა, ძირითადად, მექანიკური გზით ანუ იმიგრაციით ხდება. ამას მეც ვამბობ და სტატისტიკის სამსახურიც ადასტურებს, რაც ძალიან ცუდი რეალობაა.

ეს ნაწილი ეროვნებების მიხედვით კარგად არ ითვლება. ჩემი სურვილია, ყველაფერი დეტალურად აღირიცხოს - ვინ შემოდის და ვინ გადის, რათა ზუსტად ვიცოდეთ, უფრო მეტი ქართველი ტოვებს ქვეყანას თუ უფრო მეტი უცხოელი შემოდის.

ბოლო აღწერაში სახეზე მყოფი მოსახლეობის ნაცვლად მუდმივი მოსახლეობა შევიდა, ანუ ისინი, ვინც საქართველოში 6 თვეზე მეტია ცხოვრობენ. ბუნებრივია, ამ პრინციპით მოსახლეობის რიცხოვნობა ბევრად მეტი გამოჩნდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდოლოგიას გაერო გვაწვდის, ვთვლი, რომ სახეზე მყოფი მოსახლეობის აღრიცხვა ბევრად უფრო ზუსტ მონაცემს მოგვცემდა და ჩემი აზრით, რეალური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

როგორც გითხარით, აჭარა სავსეა უკრაინელებით, ბელარუსებით და რუსებით, რომლებმაც იქ საკუთარი ბიზნესები წამოიწყეს. ამის პარალელურად გვეუბნებიან, რომ აჭარაში მოსახლეობის 91% არის ქართველი. მიჩნდება კითხვის ნიშნები.

თუ ამდენი უცხოელი ცხოვრობს და საკუთარი საწარმოები აქვთ, როგორ არის სტატისტიკურად ქართველების ასეთი მაღალი პროცენტი დაფიქსირებული?!“, - განაცხადა ლელა მენაბდიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.