თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 5.970 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს - რა იგეგმება დედაქალაქში

საახალწლო ღონისძიება

თბილისის მერია 2027 წლის შობა-ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად 5.970 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.

როგორც შესყიდვის დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები 2026 წლის 10 დეკემბრიდან 2027 წლის და მათზე დასწრება 14 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

ამასთან, შესყიდვის თანახმად, ღონისძიებები ღია ცის ქვეშ მოეწყობა და ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება.

მერიის გეგმის მიხედვით, საახალწლო სივრცეებში განთავსდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ორიგინალური ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები, დახლები, თაღები და საშობაო ნაძვის ხეები.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე მოეწყობა ყინულის საციგურაო მოედანი, ღია კინოთეატრი, მულტიფუნქციური საბავშვო და საგამოფენო პავილიონები, საგამოფენო სტენდები, ადგილზე განთავსდება სკამები, მაგიდები და სხვადასხვა სახის კონსტრუქცია. ასევე გათვალისწინებულია კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეების, თოვლის ბაბუის სახლის, სახელოსნოსა და გასტრონომიული ზონების მოწყობა.

ამასთან, მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის საზეიმო ცერემონია, სხვადასხვა ჟანრის კონცერტი, თეატრალიზებული წარმოდგენები, პერფორმანსები, ფესტივალები, ვიდეოფილმების ჩვენება და ზღაპრის გმირების მსვლელობები. ადგილზე მისულ ვიზიტორებს თოვლის ბაბუა (სანტა) და შესაბამისი კოსტიუმებით შემოსილი მსახიობები დახვდებიან.

შესყიდვა მოიცავს როგორც მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობას, ისე სხვადასხვა მომსახურებას. კერძოდ, შესყიდვის ობიექტებია:

  • ინვენტარი და კონსტრუქციები: საშობაო ნაძვის ხე, დეკორაციული ნივთები, საგამოფენო სტენდები და აღჭურვილობა, სხვადასხვა სახის ავეჯი (მაგიდები, სკამები, დახლები) და სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციები;
  • კულტურულ-გასართობი მომსახურება: ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ბავშვთა გართობის მომსახურება, ბაზრობებისა და გამოფენების მოწყობა;
  • შემსრულებელთა და არტისტთა მომსახურება: თეატრის პროდიუსერების, მომღერალთა ჯგუფების, ანსამბლების, ორკესტრების, ესტრადის მსახიობებისა და მხატვრების მიერ გაწეული მომსახურებები;
  • ტექნიკური და მედია უზრუნველყოფა: გაფორმებასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისები, ფოტოგრაფიული და ვიდეოფილმების ჩვენება-გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურებები.