1780206540
თბილისში 70-ათასიანი სტადიონის პროექტის გამო, მოქალაქეს ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა
თბილისში 70-ათასიანი სტადიონის პროექტის გამო, მოქალაქეს ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2026 წლის 29 მაისით დათარიღებულ ბრძანებაშია საუბარი.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, თბილისში დაგეგმილი მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდის ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.
ბრძანების მიხედვით, საუბარია აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის, UEFA-ს IV კატეგორიის, 70 000 მაყურებელზე გათვლილ საფეხბურთო სტადიონზე, რომელიც ასევე მოიაზრებს სარაგბო, საკონცერტო და საკონვენციო ღონისძიებების მასპინძლობას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტის მიზანია საქართველოს საერთაშორისო სპორტულ და ღონისძიებათა მასპინძელ ქვეყნად პოზიციონირება, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობა. სტადიონის ლოკაციის შერჩევა, სამინისტროს განმარტებით, განხორციელდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „The Stadium Consultancy B.V.“-ის მონაწილეობით, რომელიც სატრანსპორტო ხელმისაწვდომობასა და ინფრასტრუქტურულ კრიტერიუმებს აფასებდა.
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, პროექტის განხორციელების მიზნით, აუცილებელი გახდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწის გამოსყიდვა, თუმცა ერთ-ერთ მესაკუთრესთან შეთანხმება ვერ შედგა, რის გამოც ფონდმა სახელმწიფოს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება სთხოვა.
შედეგად, მოქალაქე ზაქარია ქიმაძეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე 525 კვ.მ მიწის ფართობი ჩამოერთმევა.
ბრძანების თანახმად, ქონების ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე დავის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ საკითხი სასამართლოში გაასაჩივრონ.
დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს, რომ ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში.



