TI: შავი ზღვა 2036 წლამდე გაყიდულია - ვინ ფლობს ფოთის სტრატეგიულ სიმდიდრეს?

მეთევზეობა

ვინ მართავს ფოთის სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებს და რა ტიპის კავშირები არსებობს მსხვილ ბიზნესსა და მმართველ პოლიტიკურ ელიტას შორის - ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კვლევა გამოაქვეყნა.

კვლევაში მიმოხილულია ცნობები იმ კომპანიათა შესახებ, რომლებზეც ინფორმაციის მოძიება და დამუშავება საჯარო მონაცემთა ბაზების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • თევზჭერა და შავი ზღვის რესურსების ათვისება: ლიცენზიების განაწილების პრაქტიკა და მმართველი გუნდის დონორი კომპანიების ექსკლუზიური უფლებები;
  • საზღვაო ინფრასტრუქტურა, პორტები და ტერმინალები: თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა (FEZ) და ტერმინალების მფლობელთა კავშირები მაღალი რანგის პოლიტიკურ ფიგურებთან და ოფშორულ კომპანიებთან;
  • სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორი: სახელმწიფო შესყიდვები და ინტერესთა შეუთავსებლობის რისკები მმართველ რგოლებში;
  • კვების პროდუქტების წარმოება: მსხვილი აგრო-სამრეწველო ჯგუფების პრივილეგირებული ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან და საგადასახადო შეღავათები.

კვლევის თანახმად, თევზჭერის ექსკლუზიური უფლება ფოთში მხოლოდ 5 კომპანიას აქვს, რომელიც მთავრობამ აუქციონის გარეშე 2036 წლამდე გაუგრძელა. სანაცვლოდ მათ მმართველ გუნდს 1.4 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში, ვკითხულობთ, რომ ფოთში სტრატეგიული დარგების - ნავსადგურების, ტერმინალების, ტვირთების გადამზიდი კომპანიების, საწყობებისა თუ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილის მმართველობაში ჩართულები არიან ან წარსულში იყვნენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები თუ მათი ოჯახის წევრები.

რაც შეეხება ძირითად მიგნებებს, TI-ს ცნობით: კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ფოთის სტრატეგიული სექტორი რამდენიმე გავლენიანი ჯგუფის ხელშია კონცენტრირებული. კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

სისტემური კორუფციის ნიშნები: სახელმწიფო რესურსებზე წვდომა მიუთითებს პრივილეგირებული ჯგუფების არსებობაზე. კომპანიების უმრავლესობა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული სოლიდური შეწირულებების სანაცვლოდ, ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ლოიალობასა და ექსკლუზიურ პრივილეგიებს (ლიცენზიები აუქციონის გარეშე 2036 წლამდე, მილიონობით ლარის საგადასახადო პატიება) იღებს;

პოლიტიკური ლოიალობა, როგორც ბიზნესის პირობა. ფოთში მოქმედი ბიზნესის უდიდესი ნაწილი პოლიტიკურ სიმპათიებს იმის მიხედვით იცვლის, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში და შეწირულებებსაც სწორედ ამ ნიშნით აკეთებს. იდენტიფიცირებულმა პირებმა და კომპანიებმა გაიღეს 5 396 370 ლარის ოდენობის შეწირულება. „ქართულმა ოცნებამ“, მისმა სატელიტმა “ხალხის ძალამ” და ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღეს 4 671 980 ლარი (საერთო მოცულობის დაახლოებით 86,5%). “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც” პოლიტიკური შეწირულება მაშინ მიიღო, როდესაც ეს პარტია მმართველობაში იყო (2012 წელი);

რუსული/ოფშორული გავლენები და გამჭვირვალობის დეფიციტი: ფოთში მნიშვნელოვნად იკვეთება რუსული ინტერესები. რუსეთის 3 მოქალაქე, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე 6 პირი და ასევე ერთი რუსული კომპანია ფლობენ სტრატეგიულ ტერმინალებს. სხვადასხვა სექტორში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი რუსული კავშირების მქონე პირები. 7 მსხვილი კომპანიის მფლობელები დაკავშირებული არიან კვიპროსში, გიბრალტარსა და ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორებთან, რაც ართულებს მათი რეალური მესაკუთრეების იდენტიფიცირებასა და საზოგადოებრივ კონტროლს;

ოლიგოპოლია და ურთიერთდაკავშირებული ქსელები: თევზჭერის, ლოგისტიკისა და პორტების სექტორში მოქმედი კომპანიები ერთმანეთთან და მმართველ გუნდთან არიან გადაჯაჭვულები (მაგ. წიწილაშვილების, ხახუბიების, პაპაშვილის, მაქაცარიასა და პეის ჯგუფის ქსელები);

თანამდებობის პირების ბიზნესინტერესები: ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები (დეპუტატები: გოდერძი ჩანქსელიანი, გოჩა ენუქიძე, გიორგი ხახუბია. ჯემალ ინაიშვილი; ყოფილი მერები: გოჩა კურდღელია, ვახტანგ ალანია; რუსეთში ქართული დიასპორის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე) უშუალოდ მონაწილეობენ სტრატეგიული დარგების მართვაში. მათი აქტივობა ადასტურებს, რომ ბიზნესში წარმატებას ხშირად ხელისუფლებისადმი ლოიალობა განაპირობებს.

BPN