1770190275
თსუ-ს სენატი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მედიცინის ფაკულტეტის გატანას, გაუქმებას ან მილევად რეჟიმში გადასვლას
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) კატეგორიულად ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის გატანას, გაუქმებას ან მილევად რეჟიმში გადასვლას.
„მედიცინის ფაკულტეტის გატანა უნივერსიტეტიდან გამოიწვევს არაერთ აკადემიურ, ორგანიზაციულ, ფინანსურ და მორალურ პრობლემას და შესაბამისად, მედიცინის ფაკულტეტის საბჭო კატეგორიულად ეწინააღმდეგება აღნიშნულს”, - ამის შესახებ თსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 4 თებერვლის სხდომის ოქმშია აღნიშნული.
ცნობისთვის, სენატის გუშინდელ სხდომაზე თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გეგმის გარდა, მედიცინის ფაკულტეტის მოსალოდნელი გაუქმების (მილევად რეჟიმში გადაყვანის) საკითხიც განიხილეს. როგორც ოქმშია აღნიშნულიო, საკითხთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა - მაია ბიწკინაშვილმა.
მომხსენებლის განმარტებით, სამედიცინო განათლება საქართველოში დაიწყო სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1918 წელს.
„1930 წელს ცალკე ინსტიტუციად გატანილი სამედიცინო განათლება კვლავ აღდგა თსუ-ში 1994 წელს და უკვე 31 წელია თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტს აქტიური წვლილი შეაქვს ექიმების ახალი თაობების აღზრდაში, სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში, უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდაში და, ამასთანავე, წარმოადგენს უნივერსიტეტის ფინანსური მდგრადობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს. აღნიშნა, რომ დღეს თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტი ფუნქციონირებს როგორც მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით, მკვლევარებით და კლინიცისტებით დაკომპლექტებული ინსტიტუცია, რომელსაც ჰყავს 3000-ზე მეტი კურსდამთავრებული მედიკოსი, 2600-ზე მეტი აქტიური სტუდენტი, რეზიდენტი, მაგისტრანტი, თუ დოქტორანტი.
შესაბამისად, მიაჩნია, რომ ფაკულტეტის გაუქმება არის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რითაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზიანდეს როგორც ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიურ-ადმინისტრაციული შემადგენლობა, ისე მთლიანად ქვეყნის პირველი უნივერსიტეტი. მომხსენებელმა აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 2 თებერვალს, მედიცინის ფაკულტეტის საბჭო შეიკრიბა და იმსჯელა როგორც უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხზე, აგრეთვე მედიცინის ფაკულტეტის გაურკვეველი ბედის თაობაზე. ფაკულტეტის შესაძლო დახურვის საკითხი ასევე განხილულ იქნა მედიცინის ფაკულტეტის N10 საბჭოს სხდომაზე. საბჭომ შეიმუშავა (არგუმენტირებული პოზიცია) დოკუმენტი”, - აღნიშნულია თსუ-ს სენატის ოქმში.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატი თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების ინიციატივას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და სამინისტროს მოუწოდებს, პროცესი შეწყვიტოს.
bm.ge


