„თუ გვჭირდებოდა 120 ლარის საწვავი, ახლა გვჭირდება 180 ლარის“ - რას ამბობენ მგზავრობის გაზრდილ ფასზე მძღოლები

სადგური „ოკრიბა“

„თუ გვჭირდებოდა 120 ლარის საწვავი, ახლა გვჭირდება 180 ლარის“ - როგორც ავტოსადგურების მძღოლები „პალიტრავიდეოსთან“ აცხადებენ, მგზავრობის საფასურის გაძვირება საწვავის მომატებულმა ფასებმა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ბიზნესპრესნიუსი“ წერდა, რომ თბილისიდან რეგიონებში, რიგი მიმართულებით მგზავრობის საფასური გაძვირდა. ცოტა ხნით ადრე ტარიფები მგზავრთგადამყვანმა კომპანიებმაც შეცვალეს. Metro Georgia-მ, Omnibus Express-მა და Georgian Bus-მა, ქვეყანაში საწვავის გაძვირების გამო, მგზავრობის ღირებულება ყველა მიმართულებაზე 5 ლარით გაზარდეს.

როგორც „პალიტრავიდეოს“ „ოკრიბას“ ავტოსადგურში განუცხადეს, მგზავრობის გაძვირება გარდაუვალი იყო.

„არ გვინდოდა მგზავრობის გაძვირება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. საწვავის გარდა მძღოლებს სხვა ხარჯებიც აქვთ“ - აცხადებენ ისინი.

მძღოლები ფასების ზრდას საწვავის გაძვირებას უკავშირებენ.

„საწვავის ფასმა რომ მოიმატა, მგზავრობის საფასურიც ამიტომ გაძვირდა. თუ გვჭირდებოდა 120 ლარის საწვავი, ახლა გვჭირდება 180 ლარის“ - განაცხადა ავტოსადგურის ერთ-ერთმა მძღოლმა. მისი თქმით, ფასის ცვლილება მგზავრების რაოდენობაზეც აისახა.

მიუხედავად ამისა, მძღოლების ნაწილი ცდილობს, მგზავრობის საფასური არ გაზარდოს. როგორც „პალიტრავიდეოსთან“ ბათუმი-თბილისის ხაზის მძღოლმა განაცხადა, მაქსიმალურად ცდილობენ, მგზავრობა არ გააძვირონ.

„ხალხს არ აქვს საშუალება და როგორ გავაძვიროთ? ხალხის რაოდენობაც შემცირდება, არადა 1 ლიტრ საწვავში 4,2 ლარს ვიხდით“ - აცხადებენ ისინი.