1776494460
"ვაშლიჯვრის დასახლება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს - სტიქიური პროცესები უფრო გახშირდება, რისკის ზონაში 110 თემია"
მას შემდეგ, რაც კურსებში ჩამოწოლილმა მეწყერმა სახლები დაანგრია, სოფელი მეწყერსაშიშ ზონად გამოცხადდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ მოსახლეობა სახლებში დაბრუნებას ვეღარ შეძლებს, ვინაიდან ვითარება შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს და ჯერ კიდევ დაუხეთქავ მიწას ახალი, უფრო მასშტაბური ნაპრალები გაუჩნდეს. სოფლის 58 ოჯახი, რომელთაც, სავარაუდოდ, ეკომიგრანტის სტატუსს მიანიჭებენ, ამბობს, რომ თანხა, რომელსაც მათ ახალი საცხოვრებლის შესაძენად აძლევენ, არ კმარა. "საქართველოში კიდევ არის მეწყრულად აქტიური ზონები და მოსახლეებმა ეს არ იციან. მეწყრის ჩამოწოლის რისკის ზონაში 120 თემია და აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება. კვლევა შარშან დამთავრდა, საფრთხის შემცველი ტერიტორიების დადგენაში შვეიცარიის მთავრობა დაგვეხმარა", - ამბობს გარემოს დამცველი, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე:
- დიდი რისკის შემცველია ცენტრალურ კავკასიონზე, მცირე კავკასიონზე, საშიში სიტუაციაა აჭარა-თრიალეთის ქედზე და სხვა. ფაქტობრივად, მთელი საქართველოა მოცული. მყინვარების დნობის ფაქტორი მაღალია, წვიმები ინტენსიურია.
ერთ ჯერზე იმხელა ნალექი მოდის, რამდენიც მთელი კვარტალის განმავლობაში უნდა მოვიდეს.
ეს ყველაფერი მოქმედებს და სტიქიური პროცესები თანდათან უფრო გახშირდება.
არის ძალიან საშიში და ე.წ. სტაბილიზებული მეწყრული ზონები, როგორიც იყო კურსების მეწყერი, სადაც 150 წელი არაფერი მომხდარა, იქ მოსახლეობა დასახლდა და როცა მეწყერი წამოვიდა, ამის გამო 40 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ეს არის ე.წ. სტაბილიზებული მეწყერი, რომელიც გამოვიდა სტაბილიზაციიდან და ხანგრძლივმა ნალექებმა ხელი შეუწყო მეწყრული პროცესების დაწყებას. იგივე სიტუაცია გვაქვს ხარაგაულში, მართალია, იქაც ადამიანის ხელი ურევია, მაგრამ არ იქნებოდა, რომ არა მყიფე მდგომარეობა, რაც გამოწვეულია კლიმატის გლობალური ცვლილებით.
- პრევენციისთვის რა უნდა გაკეთდეს? ამ ზონებიდან მოსახლეობის გასახლება, ალბათ, აუცილებელია...
- რისკის ზონაში 110 თემია, 47 მუნიციპალიტეტში გამოყოფილია ყველაზე მოწყვლადი თემები და რამდენადაც ვიცი, გარემოს დაცვის სამინისტრომ დაიწყო პროგრამა და აპირებს მოსახლეობის ინფორმირებას. მოსახლეობის გასახლება დიდი ხანია დაწყებულია. სხვა გამოსავალი არ არის. როცა ძალიან დიდია რისკი, ოჯახებს აფრთხილებენ, მოსახლეობა გადის რისკის ზონიდან და ეძებს ტერიტორიას, სად შეიძლება დასახლება, მაგრამ სახელმწიფოში ეს საკითხი არ არის მოწესრიგებული - მაგალითად, მოსახლეობისთვის, რომელიც ხარაგაულიდან გაასახლეს, ფართობები უნდა გამოეყოთ სახლების ასაშენებლად, მაგრამ დღემდე სადღაც არიან შეყუჟული. ეს დიდი პრობლემაა, ამიტომ აუცილებელია ზოგიერთი საკითხი საკანონმდებლო დონეზე გადაწყდეს. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ან პრემიერის გადაწყვეტილება არ არის საკმარისი.
ჩვენ ეკომიგრანტების კატეგორია კი გვაქვს, მაგრამ როგორი უნდა იყოს ეკომიგრანტების კომპენსაცია, არ არის გარკვეული. ბოლო პერიოდში უკვე ლაპარაკობენ არა ეკომიგრანტებზე, არამედ კლიმატმიგრანტებზე, ასეთი მიგრანტი კი ბევრია. მეორე პრობლემა ის არის, რომ
ზოგიერთი, მიუხედავად იმისა, რომ აძლევენ კომპენსაციასაც, უარს ამბობს გასახლებაზე. რამდენიმე წლის წინ აჭარაში მოხდა ასეთი რამ: ადამიანს მისცეს კომპენსაცია, მაგრამ არ გავიდა ტერიტორიიდან და ერთ-ერთი მეწყრის დროს დაიღუპა.
კიდევ ერთი მომენტია: კომპენსირების დაანგარიშება დრაკონული მეთოდებით ხდება - კომპენსაციის თანხა საკმარისი არ არის მიწის საყიდლად და სახლის ასაშენებლად.
- მიეწოდა თუ არა დასკვნა ყველა მუნიციპალიტეტს და სამშენებლო კომპანიას, რომლებიც რისკის ზონაში აგრძელებენ პროექტებს? ლოგიკურია, ასეთ რისკ-ზონებში მშენებლობის ნებართვების გაცემა უნდა შეწყვეტილიყო...
- მონაცემები გარემოს ეროვნულ სააგენტოს აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი ამოწურულია. კვლევა არ დასრულდება, რადგან გარემოში იმდენად იცვლება ვითარება, რომ სადაც არ გგონია, მეწყერი ჩამოწვება, შეიძლება უცებ ჩამოწვეს. ინფორმაცია ყველა მუნიციპალიტეტსა და კომპანიას აქვს. გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვთხოვ, რაც შეიძლება მალე გამოაქვეყნოს საფრთხის ზონების რუკები (ვიცი, რომ ისინი უკვე არსებობს), რათა მუნიციპალიტეტებს მიეცეთ საშუალება, როცა სამშენებლო ნებართვებს გასცემენ, დახედონ ამ რუკებს და დაადგინონ სახიფათო ადგილები. ეს მშენებელმა კომპანიამ უნდა იცოდეს. არადა, ვერეს ხეობაში, რომელიც საფრთხის ზონაა, ბევრი შენობა აშენდა; პრობლემატურია ვაშლიჯვრის დასახლებაც, მიუხედავად იმისა, რომ გამაგრებები გაკეთდა, ის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს. ასეთი ადგილები თბილისშიც ბევრია, სადაც აქამდე 10-ზე მეტი ცნობილი დიდი მეწყერი იყო და ახლა გაცილებით მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში მშენებლობები ძალიან ინტენსიურია, გეოლოგიური კვლევები სათანადოდ არ ჩატარებულა. განაგრძეთ კითხვა



