ვინ ფლობს კომპანიებს, რომელთა დირექტორებიც უფასო სასადილოების პროგრამიდან 3.529 მლნ-ს თაღლითურად დაუფლებისთვის დააკავეს

უფასო სასადილოები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 3.529 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და მასში დახმარების ფაქტებზე 5 პირი დააკავა.

როგორც განცახდებიდან ირკვევა, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით, შპს „Aladashvili & co“-სა და თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის 12 ხელშეკრულება გაფორმდა.

გამოძიებით დგინდება, რომ კომპანია „Aladashvili & co“-ს დირექტორმა, სხვადასხვა ტენდერის ფარგლებში, არაერთი ქვეკონტრაქტორი (შპს „გიდი“, შპს „ბადე“ და შპს „ალიონი“) დაიქირავა და მათთან ერთად, 2023-2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და ნაკისრ ვალდებულებებს არაჯეროვნად ასრულებდა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 5 პირი: სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვინ ფლობს კომპანიებს, რომლებიც უფასო სასადილოებით მომსახურების გაწევისას 3.529 მლნ ლარის ოდენობით თანხას თაღლითურად დაეუფლნენ.

როგორც მეწარმეთა რეესტრიდან ირკვევა, კომპანია „Aladashvili & co“-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი რეზო ალადაშვილია.

რაც შეეხება ქვეკონტრაქტორ კომპანიებს, რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, შპს „გიდის“ დირექტორი ბადრი ბადრიაშვილია, კომპანიის 100%-იან წილს კი ემზარ ქერაჭაშვილი ფლობს.

ბესიკ დოხნაძეა შპს „ბადეს“ დირექტორი, ლევან ბეკაშვილი კი კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე.

მეწარმეთა რეესტრის მონაცემებით, შპს „ალიონის“ დირექტორიც და 100%-იანი წილის მფლობელიც თეონა ჯავახიშვილია.