1770985116
„ყველა აკრძალვის წინააღმდეგი ვარ - ეს სასურველ შედეგს მაინც ვერ მოგვიტანს“ - მევლუდ მელაძე
„ყველა აკრძალვის წინააღმდეგი ვარ, ეს სასურველ შედეგს მაინც ვერ მოგვიტანს“, - ასე ეხმაურება საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე 6-წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოყვანის დაგეგმილ აკრძალვას.
შეგახსენებთ, მთავრობა 6-წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას გეგმავს. ცვლილებების ამოქმედება 1-ელი აპრილიდან არის დაგეგმილი. გამონაკლისი გავრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1-ელ აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე - ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია არსებული პირობების შესაბამისად 1-ელ აპრილამდე უნდა განხორციელდეს. საკანონმდებლო პაკეტი უკვე შემუშავებულია, პარლამენტსაც უკვე წარედგინა. პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2-მილიონს გადააჭარბა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „მნიშვნელოვანი ზომების მიღებაა საჭირო“.
„ყველა აკრძალვის წინააღმდეგი ვარ. შეიძლება, გარკვეული შეზღუდვების დაწესება, მაგრამ არა სრულად აკრძალვა. ეს სასურველ შედეგს მაინც ვერ მოგვიტანს. 10-წლიან შეზღუდვაზეც ვამბობდი, რომ სასურველ შედეგს ვერ მოგვიტანდა, მეტიც, უფრო ადრეც ვამბობდი, რომ საპარკინგე სივრცეების შემცირება სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანდა და ავტომობილების რიცხვი გაიზრდებოდა.
ჩვენი გეოგრაფიული მოწყობისა და გამომუშავების სისტემის პირობებში, დღეს ავტომობილი ყველაზე მოქნილი იარაღია იმისთვის, რომ ადამიანმა ოჯახი შეინახოს - გათვლა არ არის მხოლოდ კომფორტზე. როგორც არ უნდა გავართულოთ ამ იარაღის მოპოვება, მაინც იქნება პრიორიტეტი ავტომობილის ყოლა, იმიტომ რომ, სხვა მხრივ ძალიან რთულია ჩვენს ქვეყანაში ოჯახის შენახვა.
თუ გვინდა, რომ ეკონომიკა იზრდებოდეს, ამისთვის, გვჭირდება უფრო მეტი საშუალება, რათა დოვლათი შეიქმნას. ამ მეტი საშუალების ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმი არის სწორედ ავტომობილი. ვფიქრობ, რომ დაგეგმილი ცვლილებები არასწორია“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ.



