8 თვეში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 49 მოვაჭრე ₾105 000-ით დაჯარიმდა - GCCA

ვაჭრობა

2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სხვადასხვა სფეროში 49 მოვაჭრე ჯამში 105 000-მდე ლარით დაჯარიმდა.

სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტებს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილებების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ამასთან, GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2025 წლის აგვისტოში, 9 მოვაჭრე 71 625-მდე ლარით დაჯარიმდა.

„აგვისტოში, მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, GCCA-ის მიერ დაჯარიმდა: შპს „აიფონ ჯორჯია“ - 30 774 ლარით; შპს „მოტიფი“ - 33 927 ლარით; ფ/პ მზია გორდულაძე - 600 ლარით; შპს „ლეკი“ - 2722 ლარით; ი/მ გიორგი ზაქარაძე - 600 ლარით; ფ/პ რევაზ კალაძე - 600 ლარით; ფ/პ ზურაბ ნამგალაძე - 1200 ლარით; ფ/პ ალექსანდრე ბარამიძე - 600 ლარით; შპს „კლინიკა ჰელსი და კომპანია“ - 600 ლარით“, - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება მას შემდეგ იწყებს, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.