1748437409
ევრო შესაძლოა, დოლარის ალტერნატივა გახდეს - კრისტინ ლაგარდი

ევრო შესაძლოა, დოლარის ნამდვილ ალტერნატივად იქცეს, რაც 20-ქვეყნიან ზონას უზარმაზარ უპირატესობებს მიანიჭებს, თუკი მთავრობები ევროზონის ფინანსური და უსაფრთხოების სისტემის გამაგრებას შეძლებენ - ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რასაც სააგენტო, Reuters ავრცელებს.
სააგენტოს შეფასებით, გლობალური ინვესტორები, რომლებიც აშშ-ის ქაოტური ეკონომიკური პოლიტიკით არიან, ბოლო თვეებში დოლარში აქტივების წილს ამცირებენ. თუმცა ბევრი დოლარის ნაცვლად ოქროს ირჩევს, რადგან პირდაპირ ალტერნატივას ვერ ხედავს.
„ევროს გლობალური როლი ათწლეულების განმავლობაში არ იცვლება, რადგან ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტები არასრულყოფილი რჩება, ხოლო მთავრობები შემდგომი ინტეგრაციისადმი განსაკუთრებულ სურვილს არ იჩენენ”, - წერს Reuters.
ლაგარდის შეფასებით, „მიმდინარე ცვლილებები ქმნის შესაძლებლობას, მსოფლიოში ევროს როლი გაძლიერდეს. ევრო გავლენას ავტომატურად არ მოიპოვებს, მან ეს თავად უნდა გამოიმუშაოს“.
„ამისთვის ევროპას კაპიტალის უფრო ღრმა და ლიკვიდური ბაზრები სჭირდება. მან უნდა გააძლიეროს თავისი სამართლებრივი საფუძვლები და თავდაცვითი პოტენციალით ღია ვაჭრობისადმი ერთგულება დაიცვას”, - აცხადებს ლაგარდმა.
მისი თქმით, ევროს როლის გაძლიერება პარტნიორობის გასაძლიერებლად სამხედრო ძალის ზრდას უნდა შეესაბამებოდეს, რადგან “ინვესტორები და, განსაკუთრებით, ოფიციალური ინვესტორები გეოპოლიტიკურ დარწმუნებას სხვა ფორმითაც ეძებენ: ისინი ინვესტირებას ახორციელებენ იმ რეგიონების აქტივებში, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში საიმედო პარტნიორები არიან და მკაცრი ძალის გამოყენებით ალიანსის ვალდებულებების შესრულება შეუძლიათ”.
ლაგარდი ამბობს, რომ ევროპამ საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციებისთვის ევრო კომპანიების სასურველ ვალუტად უნდა აქციოს, რისთვისაც ახალი სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება, ტრანსსასაზღვრო გადახდების გაფართოება და ევროპის ცენტრალურ ბანკთან ლიკვიდურობის შესახებ გარიგებების დადება არის საჭირო.
მისი თქმით, გადაუდებელი საკითხი ევროზონის ეკონომიკის რეფორმირებაა, რადგან ევროზონის კაპიტალის ბაზარი კვლავ ფრაგმენტირებული და არაეფექტურია და არ გააჩნია ნამდვილად ლიკვიდური, ფართოდ ხელმისაწვდომი უსაფრთხო აქტივი, რომელსაც ინვესტორების მიზიდვა შეუძლია.
„ეკონომიკური ლოგიკა გვეუბნება, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობა ერთობლივად უნდა დაფინანსდეს და ეს ერთობლივი დაფინანსება ევროპისთვის შესაძლოა, უსაფრთხო აქტივების მიწოდების ეტაპობრივი ზრდის საფუძველი გახდეს. თუ ევროპა ამ მიზნის მიღწევას წარმატებით შეძლებს, სარგებელი დიდი იქნება… ინვესტიციების შედინება ევროზონის მოთამაშეებს საშუალებას მისცემს, უფრო დაბალფასიანი სესხები აიღონ და ბლოკი გაცვლითი კურსის რყევებისგან, ასევე, საერთაშორისო სანქციებისგან დაიცვას”, - აცხადებს ლაგარდი.
ცნობისთვის: დოლარის როლი რამდენიმე წელია, მცირდება: ამჟამად ამერიკული ვალუტა საერთაშორისო რეზერვების 58%-ს შეადგენს. თუმცა ეს მაჩვენებელი ევროს 20%-იან წილს მნიშვნელოვნად აღემატება.
bpn.ge