დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს - „უოლ სთრით ჯორნალი“

მსოფლიო 1748338896
დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. აღნიშნულის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“  წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპი იმედგაცრუებულია რუსეთის უკრაინაზე თავდასხმებით და მშვიდობიანი მოლაპარაკებების ნელი ტემპით. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შეზღუდვები, სავარაუდოდ, არ მოიცავს ახალ საბანკო სანქციებს, მაგრამ განიხილება პუტინზე ზეწოლის სხვა ვარიანტები, რათა შეძლონ რუსეთის დათანხმება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც უკრაინა, დიდი ხანია, მხარს უჭერს.

ასევე, მედიასაშუალებას წყარომ განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი დაიღალა სამშვიდობო მოლაპარაკებებით და განიხილავს პროცესიდან გასვლას, თუ ბოლო ქმედებებიც არ იმუშავებს.

„უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ გაუგებარია, რა მოხდება, თუ აშშ პროცესიდან გავა და უცნობია, მსგავსი ვითარების შემთხვევაში გაგრძელდება თუ არა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.

ტრამპი რამდენიმე კვირის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ზეწოლას, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმის გამო ვლადიმერ პუტინი გაეკრიტიკებინა. „უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ამის მიზეზი სამი ფაქტორი იყო: უკრაინის პრეზიდენტის მიმართ განწყობა. ტრამპის აზრით, ზელენსკი ხელს უწყობდა კონფლიქტის გაგრძელებას; რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები არ შეზღუდავდა ომის წარმოების უნარს, მაგრამ გაართულებდა ამერიკულ-რუსული ეკონომიკური კავშირების აღდგენის ძალისხმევას; ტრამპი მიიჩნევდა, რომ იცნობდა პუტინს და რუსი ლიდერი შეწყვეტდა ომს.

1tv.ge