ისტორიაში პირველად - ევროკავშირმა ორი ჩინური ბანკი დაასანქცირა

ჩინეთი

ევროკავშირმა ორი ჩინური ბანკი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-18 პაკეტში შეიყვანა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირმა ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტები უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის აგრესიის ხელშეწყობისთვის დაასანქცირა.

ინფორმაციას South China Morning Post (SCMP) ავრცელებს.

გამოცემის დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირის სამიზნე რეგიონული ბანკები, Suifenhe Rural Commercial Bank და Heihe Rural Commercial Bank-ია.

ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ჩინეთის მხრიდან საპასუხო ზომები გამოიწვიოს, რადგან პეკინი ამ ბანკების პაკეტიდან ამოღებას რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ლობირებდა.

ბანკები რუსეთში სანქცირებული საქონლის იმპორტს ხელს უწყობდნენ

მართალია, ჩინეთმა სიიდან ბანკების ამოღება ვერ შეძლო, თუმცა პირობების შერბილებას მიაღწია. კერძოდ, ევროკომისიამ უკვე აცნობა ევროკავშირის ელჩებს, რომ ეს სია ექვს თვეში გადაიხედება: თუ საკრედიტო ინსტიტუტები დაამტკიცებენ, რომ რუსეთის თავდაცვის სექტორს აღარ ემსახურებიან, ისინი შესაძლოა, სასანქციო სიიდან ამოიღონ.

Financial Times ადრე წერდა, რომ აღნიშნული ბანკები ევროკავშირის სანქციების გვერდის ასავლელად კრიპტოვალუტის ტრანზაქციებს იყენებდნენ და რუსეთში სანქცირებული საქონლის იმპორტს ხელს უწყობდნენ.

მართალია, ჩინური ბანკების დასანქცირება უპრეცედენტო მოვლენაა, მაგრამ ევროკავშირს ომის დაწყებიდან შავ სიაში უკვე შეყვანილი ჰყავს ათობით ჩინური კომპანია, რომლებსაც რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებაში ადანაშაულებენ.

ჩინეთი ნებისმიერ, მათ შორის, სამხედრო დახმარებაზე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მოსკოვთან „ნორმალური“ სავაჭრო ურთიერთობა აქვს.

ცნობისთვის: ევროკავშირის მე-18 პაკეტის ფარგლებში შავ სიაში კიდევ 22 რუსული ბანკი შევიდა, ხოლო SWIFT-იდან ადრე გათიშულ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ნებისმიერი ტრანზაქცია სრულად აიკრძალა. ამასთან, ევროპული სანქციების ქვეშ მოექცა კრემლის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 100-ზე მეტი ტანკერი და ჩინური, თურქული, ჰონგ-კონგური კომპანიები, რომლებიც სანქციების გვერდის ავლას ხელს უწყობდნენ. ასევე, გაფართოვდება ფიზიკური პირების სასანქციო სია, მათი აქტივები გაიყინება და ევროკავშირში მოგზაურობის ვიზებს ვეღარ მიიღებენ.

bpn.ge