ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენები კიდევ ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ დაიწყო

РусЛайн

დროებით ოკუპირებული სოხუმის აეროპორტიდან ფრენები კიდევ ერთმა რუსულმა კომპანია РусЛайн-მა დაიწყო. როგორც Коммерсантъ-ი წერს, პირველი რეისი ავიაკომპანიამ ხანტი-მანსიდან სოხუმის მიმართულებით 28 ივნისს შეასრულა.

სააგენტოს ცნობითვე, პირველ რეისს არძინბას სახელობის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც. ფრენები 50 ადგილიანი Bombardier CRJ200-ის ტიპის ხომალდით შესრულდა. ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული და Air Safety List-შია. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ხვდებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით, საერთაშორისო საჰაერო უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არიან და ევროკავშირის ტერიტორიაზე ოპერირება ეზღუდებათ, მათ ასევე ჩაკეტილი აქვთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეც.

მიმდინარე წლის 7 თებერვალს, 32 წლის შემდეგ პირველად, არძინბას სახელობის სოხუმის აეროპორტში რუსულმა სანქცირებულმა UVT Aero-მ სატესტო ფრენა შესრულდა, 2025 წლის 1 მაისს კი მოსკოვიდან პირველი სამოქალაქო რეისიც შესრულდა. სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა. 1992–1993 წლების ომის შემდეგ, აეროპორტში ფრენები აღარ განხორციელებულა. აეროპორტი სოხუმიდან 18 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ბაბუშარაში მდებარეობს. ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტის რეკონსტრუქცია რუსულმა კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარებამ“ განხორციელდა, რომლის ხელმძღვანელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილია. ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე აეროპორტს არ აქვს მოქმედი კოდი, რადგან ამის მინიჭების კომპეტენცია მხოლოდ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) აქვს. სწორედ ICAO-ს მიმართა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, სადაც "მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია საქართველოს უფლებამოსილი უწყების ნებართვის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ".

bm.ge