1749815182
რა არის ე.წ. “თხევადი შუშის” დიზაინი, რომელიც Apple-მა წარმოადგინა?

ამერიკულმა Apple-მა პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე საფუძვლიანი განახლება შემოგვთავაზა კომპანიის ისტორიაში. ამიერიდან, Apple-ის პროდუქტები უნივერსალური დიზაინით გაერთიანდება, რომლის საფუძველი ე.წ. “თხევადი შუშის” დიზაინია, რომელიც შუშის ოპტიკურ თვისებებს იმეორებს.
Liquid Glass-ის შთაგონების წყაროდ Vision Pro-ში გამოყენებული VisionOS-ი გახდა, რომელიც არაერთი ბუნებრივი ელემენტითაა დატვირთული. ახალი დიზაინის ენა ყველაფერში გამოჩნდება, ღილაკებით დაწყებული, გადამრთველებით და აპლიკაციების ლოგოებით დამთავრებული.
Apple-ის მიერ ახლა წარმოდგენილი ცვლილებები დიზაინს და მომხმარებლის გამოცდილებას ფარავს და არა ტექნიკურ მახასიათებლებს და ტექნოლოგიას, ასე რომ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ რატომაა ეს ყველაზე დიდი განახლება, რომელიც Apple-ის OS-ში ოდესმე მომხდარა. ამ ლეგიტიმურ კითხვას რომ ვუპასუხოთ, კომპანიის სულისკვეთება უნდა გავიხსენოთ, რომელიც, სწორედაც რომ დიზაინზე გადის. Apple-ის დამფუძნებელი, სტივ ჯობსი მინიმალისტური და პრაქტიკული დიზაინის დიდი ქომაგი იყო და ამერიკული კომპანიის დღევანდელი მასშტაბი, დიდწილად, სწორედ ამ მიდგომის დამსახურებაა.
ამ დრომდე, დიზაინის ბოლო განახლება Apple-მა 2013 წელს შემოგვთავაზა, როცა სკეუომორფული დიზაინზე უარი თქვა და iOS 7-თან ერთად ბრტყელ დიზაინზე გადავიდა. მას შემდეგ, Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინი ფაქტობრივად არ შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით iOS-ის ბოლო განახლებას, რომლითაც მომხმარებელმა დიზაინის საკუთარ თავზე მორგების უფლება მიიღო, მაგრამ ისიც — მინიმალურად. ახლა კი, Liquid Glass-ის გამოჩენას მინიმალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან Apple-ის დიზაინის ახალი ენა ნამდვილად უნიკალურია და არ ჰგავს არაფერს, რაც ამ დრომდე Apple-ისგან გვინახავს.
პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის გაანხლებასთან ერთად, Apple-მა საკუთარი OS-ების ბრენდი შეცვალა. განახლებები, რომლებიც მომდევნო წლიდან გამოვა პირველი პროგრამული უზრუნველყოფიდან დაწყებულ ხაზს აღარ გააგრძელებს და ნაცვლად ამისა, იმ წლის სახელით იქნება ცნობილი, რა წელსაც ის გამოვა. მარტივად რომ ვთქვათ, iOS 19-ის ნაცვლად, შემდეგ განახლებაზე iOS 26 გამოვა და ასე იქნება ყველა პროგრამის შემთხვევაში.
Apple-ის გუნდს ამ გზით ბრენდინგში არსებული გაურკვევლობის გაფანტვა და პროცესის მეტად სისტემურ ჩარჩოებში გადაყვანა სურს, რადგან OS-ების დღევანდელი დანომვრა დამაბნეველია. აღნიშნული, დიდწილად, სიმართლეა, რადგან დღეს არსებული განახლებები შემდეგნაირადაა ცნობილი: iOS 18, watchOS 12, macOS 15 და visionOS 2.