სოხუმის აეროპორტი რუსულ ავიაკომპანიებს უფასოდ მოემსახურება

სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა, რომ სოხუმის აეროპორტში ე.წ. საერთაშორისო ავიარეისების სერვისზე დღგ-ის ნულოვანი გადასახადი დაწესდეს - ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს.

პირველი და მეორე საბოლოო მოსმენით მიღებული „კანონპროექტის“ განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ავიაკომპანიებისთვის „აეროპორტის მომსახურების ტარიფების შემცირებას, შედეგად კი ავიაბილეთების გაიაფებას უზრუნველყოფს, რაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლაზე დადებითად აისახება.“

კერძოდ, დღგ-სგან თავისუფლდება დაშვებისა და აფრენის მომსახურება, საწვავის შევსება და სხვა აუცილებელი სერვისები, რასაც ავიაკომპანიები სოხუმის აეროპორტში იღებენ.

შედარებისთვის: სოჭის აეროპორტში, რომელიც წელიწადში 12 მილიონამდე მგზავრს იღებს, ამ მომსახურების ღირებულება, სოხუმთან შედარებით, 5-10-ჯერ დაბალია. ამდენად, დე ფაქტო პირველი ვიცეპრემიერის, ჯანსუხ ნანბას თქმით, დღგ-ის ნულოვანი განაკვეთი სოხუმის აეროპორტს კონკურენტუნარიანობის საშუალებას მისცემს.

„ამ ტიპის მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის დაწესება გლობალური პრაქტიკაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გვხვდება და ICAO-ს ერთ-ერთი რეკომენდაციაცაა. ამ გადაწყვეტილების მიღებით გვსურს, სოხუმამდე ავიაბილეთი უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ,“ - ამბობს ნანბა.

მისი ცნობით, აფხაზური და რუსული მხარეები, ასევე, საჰაერო ნავიგაციის გადასახადის განაკვეთებს ადგენენ, რომლებიც რუსეთის შიდა განაკვეთების შესაბამისი იქნება.

„იმის გათვალისწინებით, რომ სოხუმის აეროპორტი საერთაშორისოა და მოსკოვიდან სოხუმში რეისი საერთაშორისოდ ითვლება, აქ საჰაერო ნავიგაციის საფასური, რუსეთის შიდა ტარიფებთან შედარებით, სრულიად განსხვავებული და, როგორც წესი უფლრო მაღალი უნდა იყოს. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ რუსი კოლეგები დაგვეხმარებიან და აფხაზეთში მფრინავი ავიაკომპანიებისთვის რუსეთის შიდა ტარიფებს საერთაშორისო ტარიფები გაუთანაბრდება, “ - ამბობს ნანბა.

ცნობისთვის: 1-ლი მაისიდან, 32 წლის შემდეგ რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. კერძოდ, თბილისის დროით 15:47 საათზე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero-ს 50-ადგილიანი Bombardier CRJ-200-ის თვითმფრინავი გამოფრინდა. სოხუმში მეორე პირდაპირი რეისი 13 მაისს, ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდიდანაც შესრულდა. სანქცირებული ავიაკომპანია „იკარის“ 100-ადგილიანი Embraer 190-მოდელის თვითმფრინავი ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტიდან საღამოს აფრინდა, ხოლო სოხუმიდან უკან 14 მაისის ღამეს გაემგზავრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც როგორც საქართველო, ასევე, რუსეთის ფედერაციაა.