1781494916
UFC Freedom 250 - რა თანხას გამოიმუშავებს ილია თოფურია თეთრი სახლის ისტორიულ ტურნირზე?
თეთრი სახლის ტერიტორიაზე გასამართი UFC Freedom 250-ი, რომელიც ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საბრძოლო ღონისძიებად მიიჩნევა, მსოფლიო ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ სპორტული, არამედ ფინანსური თვალსაზრისითაც ექცევა.
ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებულ გრანდიოზულ ზეიმს, რომლისთვისაც UFC და პირადად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ემზადებიან, საერთაშორისო მედიაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
გავლენიანი გამოცემა The Sporting News-ი დეტალურად მიმოიხილავს როგორც ტურნირის სარეკორდო ბიუჯეტს, ისე მონაწილე ვარსკვლავების, მათ შორის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ინდივიდუალური ანაზღაურების საკითხსაც.
თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე გასამართი უპრეცედენტო ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. მოქმედი ქართველი ჩემპიონი ამჯერად ტიტულის დასაცავად ამერიკელის წინააღმდეგ იბრძოლებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, 29 წლის თოფურია, რომელის ანგარიშზეც 17 დაუმარცხებელი ბრძოლაა, ტურნირის ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავებს შორის იქნება. ვინაიდან, UFC ოფიციალურად აღარ აქვეყნებს მებრძოლების ზუსტ ჰონორარებს, გავრცელებული თანხები შეფასებით ხასიათს ატარებს, რასაც უცხოური მედია სავარაუდო ანაზღაურებად მოიხსენიებს.
რამდენს გამოიმუშავებს ილია თოფურია UFC Freedom 250-ზე?
The Sporting News-ის მიერ მოყვანილი ამერიკული სპორტული პლატფორმების მონაცემებით, მაგალითად, როდესაც ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა, მისი საბაზისო ანაზღაურება 350 000 აშშ დოლარი იყო, რასაც მოგვიანებით PPV- დან მიღებილი წილები და სხვადასხვა ბონუსიც დაემატა.
როგორც გამოცემა წერს, ეს არის თოფურიას მიერ დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე მინიმალური ნიშნული, რის შემდეგაც სხვა მნიშვნელოვან ბრძოლებში "მატადორის" საბაზისო ანაზღაურება კიდევ უფრო სოლიდური გახდა. The Sporting News-ის ინფორმაციით, ქართველი სპორტსმენის ჯამური შემოსავალი (საბაზისო თანხის, PPV-ის წილების, სპონსორებიდან მიღებული შემოსავლებისა და ბონუსების გათვალისწინებით) ამ დროისთვის უკვე 2.5-დან 3.5 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
გავლენიანი სპორტული გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიება, რომელიც თეთრი სახლის ტერიტორიაზე გაიმართება, დიდი ალბათობით, მებრძოლებისთვის ჩვეულებრივზე უფრო მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობაც გახდება.
სავარაუდო ჰონორარებზე არანაკლები ყურადღება მიიპყრო UFC-ის პრეზიდენტის, დეინა უაითის განცხადებამ, რომელმაც Freedom 250-ისთვის უპრეცედენტო ბონუსები დააანონსა. მისი ინფორმაციით, საღამოს საუკეთესო ბრძოლის ორივე მონაწილე ბონუსის სახით 400 ათას აშშ დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო საღამოს საუკეთესო გამოსვლისთვის პრიზი 425 ათასი აშშ დოლარი იქნება.
შესაბამისად, ილია თოფურიასთვის თეთრი სახლის ტურნირი მხოლოდ ისტორიულ არენაზე ახალი ტიტულის მოპოვება არაა - არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს მისი სპორტული კარიერის სარეკორდო საღამოდ იქცეს, რომელიც მას რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის შემოსავალსაც მოუტანს.
ინფორმაციისთვის, "თეთრი სახლის" ღონისძიება 15 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათიდან იწყება. სავარაუდოდ, თოფურიას ჩხუბი 07:00 საათის შემდეგ გაიმართება.



