4000-დოლარიანი ჩინური ჰუმანოიდი რობოტი საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდება

მსოფლიო 1777790160
რობოტი

ჩინური კომპანია, Unitree Robotics თავისი ჰუმანოიდი რობოტის, Unitree R1-ის საერთაშორისო გამოშვებისთვის ემზადება. ინფორმაციას LIGA.net ავრცელებს.

მოდელი მომხმარებლებისთვის, სავარაუდოდ, AliExpress-ზე, მათ შორის, ჩინეთის ფარგლებს გარეთაც იქნება ხელმისაწვდომი.

ჩინეთის ბაზარზე ფასი, დაახლოებით, 4000 დოლარიდან იწყება, მაგრამ გლობალური ფასი ჯერ არ გამოცხადებულა.

რობოტის სიმაღლე, დაახლოებით, 1.2 მეტრია და ძირითადი მოძრაობების შესრულება შეუძლია, როგორიც არის სიარული, ბალანსის დაცვა და აკრობატული მანევრებიც კი.

თუმცა მისი ფუნქციონალურობა შეზღუდულია: რობოტს სრულყოფილი თითები არ აქვს და საყოფაცხოვრებო სამუშაოებისთვის შესაფერისი არ არის. მისი ბატარეის ხანგრძლივობა, დაახლოებით, ერთი საათია.

უფრო ძვირად ღირებული და ფართო ფუნქციების მქონე მოდელი Unitree G1-ია, რომელთანაც შედარებით Unitree R1 საბაზისო გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. ის კამერებით, მიკროფონებით, Wi-Fi-ითა და Bluetooth-ით არის აღჭურვილი და დეველოპერის ნაკრები მოჰყვება.

ახალი პროდუქტის ძირითადი აუდიტორია შესაძლოა, დეველოპერები, უნივერსიტეტები და რობოტიკის მოყვარულები იყვნენ.

ცნობისთვის: ახლახან Unitree-მა ჰუმანოიდ რობოტ G1-ს ციგურებით სრიალი ასწავლა.