ჩინური მწვანე ჩაის ფენომენი: რატომ ღირს 1 კგ „დრაკონის ჭია“ 8 800 დოლარი და როგორ აწარმოებენ მას?

მსოფლიო 1780813260
ჩაის პლანტაციები

„ლუნძინი“ (Longjing), რაც თარგმანში „დრაკონის ჭას“ ნიშნავს, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და პრესტიჟული მწვანე ჩაია. თუმცა, ტრადიციული წარმოების შემცირებისა და ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქციის ზრდის ფონზე, ნამდვილი ჩაის დასაგემოვნებლად საუკეთესო გზა ჰანჯოუს მთებში, უშუალოდ პლანტაციებში სტუმრობაა.

ბოლო წლებში „ლუნძინზე“ მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რაც გეოგრაფიული აღნიშვნების გამკაცრებამ, ტრადიციულ პროდუქტებზე ადგილობრივი მოთხოვნის ბუმმა და ჩინურ ჩაიზე საერთაშორისო ცნობადობის ზრდამ განაპირობა.

მკაცრი ვადები და კოსმიური ფასები: მოსავლის აღების ხელოვნება

გე სიაოპენისთვის, რომელიც ჩაის მწარმოებელთა მეოთხე თაობას წარმოადგენს, წელიწადი გაზაფხულის მოსავლის გარშემო ბრუნავს. მწვანე ჩაის წარმოებაში დროის ფაქტორი გადამწყვეტია.

ყველაზე ძვირფასი გაზაფხულის პირველი ყლორტებია, რომლებიც მარტის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე იკრიფება. ისინი დახვეწილი, თხილის მსუბუქი არომატითა და ნაზი გემოთი გამოირჩევიან.

ჩინური კალენდრის მიხედვით, რომელიც წელს მზის პოზიციის მიხედვით 24 მიკრო-სეზონად ყოფს, ჩაის ღირებულება სწორედ დაკრეფის ზუსტ დროზეა დამოკიდებული:

  • „მინციანი“ (mingqian): ადრეული პარტია, რომელიც 4-5 აპრილამდე (ცინგმინის დღესასწაულამდე) იკრიფება.
  • „იუციანი“ (yuqian): შედარებით გვიანი მოსავალი.მოსავლის აღებისას რამდენიმე დღის სხვაობაც კი დრამატულად მოქმედებს ფასზე.

სიაოპენის საოჯახო მეურნეობიდან „მინციანის“ კატეგორიის სულ რაღაც 500 გრამი ადრეული ჩაის ფასი ამჟამად 30 000 იუანს (დაახლოებით 4 400 დოლარს) აღწევს. ფერმერების განმარტებით, წინა თაობისთვის ეს წარმოუდგენელი მაჩვენებელი იყო, თუმცა სამუშაო ძალის გაძვირებამ და მიწოდება-მოთხოვნის მზარდმა დისბალანსმა ფასები საოცრად გაზარდა.

აპრილის მეორე ნახევარში ტემპერატურის მატება და ძლიერი წვიმები ზრდას აჩქარებს, რაც ჩაის სიმწარეს მატებს. ამიტომ, ნაზი ადრეული ყლორტები განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ვოკში (ტრადიციულ ჩინურ ტაფაში) მოხალვის ზუსტ ტექნოლოგიას მოითხოვს.

ხელით შრომა მანქანური წარმოების წინააღმდეგ

ჩაის ფოთლების დაკრეფის შემდეგ იწყება ყველაზე შრომატევადი პროცესი – მათი ხელით მოხალვა 200°C-მდე გაცხელებულ გიგანტურ ვოკებში. უფროსი თაობის მეჩაიე, გე ჟენჰუა, ამ სამუშაოს ყოველგვარი დამცავი ხელთათმანის გარეშე ასრულებს.

„ხელთათმანებს იმიტომ არ ვიყენებ, რომ სიცხისა და ტენიანობის დონე ზუსტად უნდა ვიგრძნო. სწორედ საფუძვლიანი გაშრობა ეხმარება ჩაის არომატის გამოთავისუფლებასა და ხანგრძლივად შენახვაში“, - განმარტავს ჟენჰუა.

დღეისათვის ფერმერების უმეტესობა დროსა და ენერგიას ზოგავს და ვოკში მოხალვის პროცესს მანქანებს ანდობს. თუმცა, პროფესიონალები მიირთმევენ თუ არა, მაშინვე ხვდებიან სხვაობას. მათი თქმით, მანქანური წარმოებისას ჩაი კარგავს სისავსესა და ხანგრძლივ ტკბილ გემოს.

„ხელებს შეუძლიათ იმის ამოცნობა, რაც მანქანას არ შეუძლია. მანქანა მკვდარია, ხელები კი - ცოცხალი“, - ამბობს ჟენჰუა.

„ლუნძინზე“ მოთხოვნის ზრდამ ბაზარზე ყალბი პროდუქციის მოზღვავება გამოიწვია. მომხმარებლის დასაცავად ჩინეთის ხელისუფლებამ მკაცრი ზომები მიიღო.

ბევრი ერთგული კლიენტისთვის საუკეთესო გარანტია მაინც მწარმოებლის პირადად ცნობაა. სწორედ ამიტომ, გაზაფხულზე მომხმარებლები ხშირად თავად სტუმრობენ პლანტაციებს, რათა საკუთარი თვალით ნახონ ჩაის დამზადების პროცესი.

ტრადიციის აღორძინება

წლების განმავლობაში არსებობდა რისკი, რომ ეს უნიკალური ხელობა ძველ თაობასთან ერთად გაქრებოდა, რადგან ახალგაზრდები ქალაქებში განათლებისა და მაღალანაზღაურებადი სამუშაოს საძიებლად მიდიოდნენ.

დღეს ტენდენცია იცვლება. ჩაის მაღალმა საბაზრო ღირებულებამ ეს სექტორი ფინანსურად მიმზიდველ და მდგრად ბიზნესად აქცია. შედეგად, ახალგაზრდები სოფლებს უბრუნდებიან, რათა მშობლებისგან საუკუნოვანი გამოცდილება გადაიბარონ.

წყარო: .bbc.com