1755237725
დღეს, ტრამპი და პუტინი ალასკაზე შეხვდებიან - დეტალები

დღეს, 15 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების საკითხს განიხილავენ ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯის ჩრდილოეთით მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე.
შეხვედრა მოსკოვის დროით 22:30 (თბილისის 23:30) საათზე დაიწყება.
ეს ტრამპსა და პუტინს შორის პირველი შეხვედრა იქნება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
შეხვედრის ადგილად ალასკის არჩევა სიმბოლურ და სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს — შტატი ოდესღაც რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და აშშ-მ იგი 1867 წელს 7,2 მილიონ დოლარად შეიძინა (დღევანდელი ღირებულებით დაახლოებით 156 მილიონი დოლარი).
ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის დაწყებიდან ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება ალასკაში, თუმცა პირველი ვადის განმავლობაში მან რამდენჯერმე მოინახულა ელმენდორფ-რიჩარდსონი. პუტინი კი ანკორიჯს პირველად ესტუმრება.
გუშინ, 14 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ომის შეჩერების სანაცვლოდ, შესაძლოა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს ალასკის და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების იშვიათ წიაღისეულზე წვდომა შესთავაზოს. ამის შესახებ ცნობებს „ტელეგრაფი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ასევე განიხილება, რუსული საავიაციო მრეწველობისთვის გარკვეული ამერიკული სანქციების მოხსნა.
ელმენდორფ-რიჩარდსონის ბაზა
ბაზა აერთიანებს საჰაერო ძალების ელმენდორფის ბაზასა და აშშ-ის არმიის ფორტ რიჩარდსონს. აქ 32 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც ანკორიჯის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.
2010 წელს ჩამოყალიბებული ელმენდორფ-რიჩარდსონი აშშ-ის 12 გაერთიანებულ ბაზას შორისაა. ორივე ობიექტს ხანგრძლივი ისტორია აქვს — ელმენდორფი 1940 წელს დაარსდა, ფორტ რიჩარდსონი კი იმავე პერიოდში.
მისი მდებარეობა მას ეროვნული თავდაცვის ერთ-ერთ მთავარ აქტივად აქცევს. ცივი ომის დროს ბაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საბჭოთა კავშირისგან თავდაცვის სტრატეგიაში. დღეს ის ლოგისტიკური და საორგანიზაციო ცენტრის ფუნქციას ასრულებს, მათ შორის შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით, ხოლო უნიკალური რელიეფი და საჰაერო სივრცე მას სამხედრო წვრთნებისთვის იდეალურ ადგილად აქცევს.