2026 წელს დაახლოებით 26 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება - შრომის ბაზრის კვლევა

სამკერვალო

2026 წელს დაახლოებით 26 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება - ამის შესახებ აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შრომით ბაზრის შესახებ გამოქვეყნებულ კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის წინასწარი მონაცემებით, კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 934 ათასი შეადგინა. ამასთანავე, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 151 ათასით გაიზარდა.

„2025 წელს (შეფასება), 2021 წელთან შედარებით, დასაქმების ზრდა შეადგენს 151 ათასს, ხოლო კოვიდ პანდემიის ეფექტის გამორიცხვით - პანდემიამდელ ტრენდთან შედარებით ზრდა დაახლოებით 96 ათასია”, - აღნიშნულია ბაზრის კვლევაში.

გარდა ამისა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მომდევნო 5 წელში მოსალოდნელია 99 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. კერძოდ, პროგნოზირებულია, რომ 2026 წელს კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 960 ათასს, ხოლო 2030 წელს - 1.033 მილიონს მიაღწევს.

ინფორმაციისთვის, კვლევისას შეირჩა 12 500 საწარმო სრული, აქედან მსხვილ საწამოთა რაოდენობა 470-ს შეადგენდა, საშუალოს - 1 752 ერთეულს, ხოლო მცირე ზომის საწარმოთა რაოდენობა 10 278 იყო.

დოკუმენტის თანახმად, კვლევის საველე სამუშაოები (153 ინტერვიუერით), შედეგების ელექტრონული ბაზის შექმნა, მონაცემთა ბაზის გაწმენდა, მონაცემების შეწონვა და კვლევის შედეგების განზოგადება განახორციელა სტატისტიკის ეროვნულმა ცენტრმა. კვლევის შედეგების ანალიზი განახორციელა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

შედეგების ცდომილება: ქვეყნის დონეზე ≤ 0.49%-ზე; სექციის დონეზე ≤ 1.54%-ზე.