კომპანიები, რომლებსაც თბილისში ტრამვაის პროექტირება-მშენებლობა სურს - ტენდერი დასრულებულია

ტრამვაი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით, გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ვკითხულობთ, შეთავაზება 4 კომპანიას, აქვს გაკეთებული. აქედან 3 თურქული, ერთი კი ჩინური კომპანიაა.

კერძოდ, ესენია:

  • DOGUS INSAAT VE TICARET A.S. (თურქეთი) - კომპანიის შეთავაზება 412 628 931 ლარია;
  • Wuhan Municipal Construction Group co.Ltd. ( ჩინეთი ) - შეთავაზება 397 470 472 ლარია;
  • YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ (თურქეთი) -შეთავაზება 332 449 164 ლარია;
  • EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi (თურქეთი) - შეთავაზება 287 654 321 ლარია.

შეგახსენებთ, რომ ტენდერი გულისხმობს დიდი დიღომი-დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას.

აღნიშნული პროექტის ღირებულება 416 592 000 ლარია, რომლის დონორიც აზიის განვითარების ბანკია.

სადაურ კომპანიებს სურთ თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა

ცნობისთვის, პროექტის მიხედვით, ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3-მე-4 მიკრორაიონების შერწყმის ადგილიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.

ოფიციალური მონაცემებით, ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე შესყიდვა მეორედ, 13 თებერვალს გამოცხადდა. იქამდე პირველი ტენდერი გასული წლის ოქტომბერში იყო გამოცხადებული, რომელიც შეწყდა, ამის მიზეზად კი სატენდერო დოკუმენტაციაში ტექნიკური პარამეტრებისა და პროცედურების კორექტირების აუცილებლობა დასახელდა.