პირველად დაცულ ტერიტორიებზე - ბირთვისის კანიონზე „ვია ფერატა“ მოეწყობა

ბირთვისის კანიონი

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე პირველი „ვია ფერატა“ ბირთვისის კანიონზე მოეწყობა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ბირთვისის კანიონის უნიკალური კლდოვანი რელიეფი და ლანდშაფტი იდეალურ პირობებს ქმნის „ვია ფერატას“ ბილიკის მოსაწყობად – თუ აქამდე ბირთვისის კანიონი ძირითადად ლაშქრობის მოყვარულებს იზიდავდა, ახალი ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს ბუნების და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს მარტივად, სპეციალური ეკიპირებით, უსაფრთხოდ იმოგზაურონ და აღმოაჩინონ უნიკალური ბუნების ძეგლი.

„აღსანიშნავია, რომ ბირთვისის კანიონზე რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს - შენდება ვიზიტორთა ცენტრი, გადასახედი პლატფორმა, კოტეჯები; ეწყობა 3 დაკიდებული ხიდი, საქანელა და ზიპლაინი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ვია ფერატა“, იგივე „რკინის ბილიკი“ წარმოადგენს კლდეზე დამონტაჟებულ სპეციალურ ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს რკინის კიბეებს, ბაგირებს და მცირე პლატფორმებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას კლდოვან ადგილებში.