რა ქონებით ტოვებს პოსტს განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე

ალექსანდრე წულაძე

განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება თავად მან გაავრცელა,სადაც აღნიშნულია, რომ პოსტს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს.

„ბიზნესპრენსიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ალექსანდრე წულაძე, რომელიც განათლების სამინისტროს ხელმძღვანელად სულ რამდენიმე თვის წინ, 2024 წლის ოქტომბერში დაინიშნა.

მისი ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის 29 ივნისის თარიღით იძებნება. კანონის თანახმად, მას ახალი ქონებრივი დეკლარაციის შევსება უკვე უწევდა, თუმცა გამოქვეყნებული არ არის.

ბოლო მონაცემების მიხედვით, განათლების ყოფილ მინისტრს ეკუთვნის:

110 კვ.მ და 50 კვ.მ ფართის ბინები თბილისში, ერთსა და იმავე ქუჩაზე. აღნიშნულ ქონებაზე ალექსანდრე წულაძეს მითითებული აქვს, რომ ურთიერთგაქვითვის საფუძველზე მიიღო.

ამასთან, მის საკუთრებაშია 6 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, რომელიც 1 500 ლარად შეიძინა; 905 კვ.მ მიწის ნაკვეთ წყნეთში, რომელიც ჩუქებით მიიღო; 1500 კვ.მ მიწა წავკისში, რომელიც 200 000 ლარად შეიძინა; 8 კვ.მ სარდაფი, რომლის ღირებულება 2019 წელს 1000 ლარი იყო; 20,2 კვ.მ ავტოფარეხი, რომელიც ურთიერთგაქვითვით მიიღო.

ქონებრივ დეკლარაციაში ალექსანდრე წულაძეს მითითებული აქვს, რომ მის მეუღლეს ეკუთვნის: 52,2 კვ.მ საცხოვრებელი სახლი თბილისში, რომელიც ჩუქებით მიიღო და 570 კვ.მ მიწა წავკისში, რაშიც 12 500 აშშ დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, განათლების ყოფილ მინისტრს დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა სახელფასო ანგარიშზე 7278,57ლარი, ანაბარზე 28 119,89 აშშ დოლარი. ნაღდი ფულის სახით კი - 52 000 ლარი, რომელიც უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიიღო.

როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ალექსანდრე წულაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე 3 დღეში (2023 წლის 29 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) ხელფასის სახით 694,89 ლარი აიღო, 2023 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში კომისიის წევრის პოსტზე - 3235,14 ლარი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსით კი - 129 532,44 ლარი.

ამასთან, ალექსანდრე წულაძეს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ 2023 წელს მისი სამივლინებო ხარჯის ანაზღაურებამ 6200,52 ლარი შეადგინა.