რუსეთში ქართველ ექსმილიარდერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თემურ ფსუტურ

პეტროგრადსკის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქესა და ყოფილ მილიარდერ თემურ ფსუტურს უძრავი ქონებით თაღლითობისთვის სასჯელაღსრულების კოლონიაში თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლით მიუსაჯა.

ინფორმაციას რუსული “კომერსანტი” სანქტ-პეტერბურგის სასამართლოების ერთიან პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასევე, მის თანამზრახველ ალექსანდრ კარპენკოს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს მოქალაქე და მისი თანამზრახველი დამნაშავედ ცნეს პიონერსკაიას ქუჩაზე მდებარე ბინისა და ავტოსადგომის მფლობელის ყალბი პასპორტის გამოყენებით ამ ქონების გაყიდვაში, 16.2 მლნ რუბლის (210 365 დოლარის) მიღებაში და მსგავსი სქემის სხვა ბინაზე გამოყენების მცდელობაში.

ყოფილ მილიარდერს, ასევე, ბრალი წაუყენეს ნაცნობისგან 8 მლნ რუბლის (103 884 დოლარის) მითვისებაში, რომელმაც მას ეს თანხა საცხოვრებელზე მომავალი ფასდაკლების საბაბით გადასცა. ორივე ბრალდებულს ერთობლივად 16.2 მლნ რუბლის, ხოლო ფსუტურს დამატებით 8 მლნ რუბლის გადახდა დაეკისრა.

ამ განაჩენის გარდა, ყოფილი მილიარდერი, ასევე, ბრალდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც უკანონო საბანკო საქმიანობას, თაღლითობასა და კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას ეხება. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის, ანუ “ეფესბეს” ცნობით, ფსუტურის მონაწილეობით ორგანიზებულმა ჯგუფმა კრიპტბირჟა Garantex-ის გამოყენებით, მინიმუმ, 18 მლრდ რუბლი (233.7 მლნ დოლარი) გაანაღდა.

ცნობისთვის: 1974 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, თემურ ფსუტური რუსეთში ცნობილია, როგორც სამშენებლო კომპანია Stroy-Invest-ის ყოფილი მფლობელი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სანქტ-პეტერბურგის 300 წლის იუბილეს მომზადებაში. 2020-იანი წლების შემდეგ სასამართლომ ფსუტური სამარაში დაფუძნებულ AktivKapital Bank-ის საქმეში გაკოტრებულად გამოაცხადა.

BPN