1778651867
„შინაური ძუ ცხოველის შეჯვარება შეიძლება წელიწადში მხოლოდ ერთხელ” - რა წერია ახალ დადგენილებაში
„შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/ კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.
ახალი ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრა სანაშენე ცხოველების, ძაღლების, კატების, რეგისტრაციისა და შეჯვარების წესები.
ცნობისთვის, ამ შემთხვევაში შინაურ ბინადარ ცხოველში იგულისხმება: პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უმეთვალყურეო ძაღლი ან კატა, რომელიც გამოიყენება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან/და ფუნქციური დანიშნულებით.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, ცხოველის მეპატრონემ სტერილიზაციის/კასტრაციის ვადის დადგომამდე უნდა მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს, მონაცემთა ერთიან ბაზაში საგამოფენო ცხოველად რეგისტრაციის მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციიდან ორი წლის ვადაში მეპატრონე ვერ მოიპოვებს ცხოველების გამოფენაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, იგი ვალდებულია, საგამოფენო ცხოველის სტატუსის მოხსნისა და მონაცემთა ერთიან ბაზაში ცვლილების შესატანად მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძუ ცხოველის შეჯვარება შეიძლება წელიწადში მხოლოდ ერთხელ.
ახალი ტექნიკური რეგლამენტი მოქმედებს გამოქვეყნების დღიდან. იქიდან გამომდინარე რომ დადგენილება დათარიღებულია 11 მაისით, გადაწყვეტილება უკვე ვალიდურია.
შეგახსენებთ, რომ „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის სრულად ამოქმედების ვადა რამდენ ეტაპად ხორციელდება და 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რომელიც 2026 წლის 1 -ლი იანვრიდან უკვე ამოქმედდა, კანონის თანახმად, ცხოველის მეპატრონე ვალდებულია:
- ცხოველის ავადობის შემთხვევაში, ის გადაიყვანოს ვეტერინარულ დაწესებულებაში;
- დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირება და მოახდინოს ცხოველის ვეტერინარული მეთვალყურეობა იზოლირებულად.საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი მყისიერი დასუფთავება;
- აანაზღაუროს ცხოველის მიერ სხვა პირისათვის მიყენებული ზიანი;
- ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში, დაცემული ცხოველის გადაყვანა მოახდინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.



